"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ დღის წესრიგში დგას პრობლემური რაიონების საკითხი, თუმცა, როგორც იგი ამბობს, გამწვავების გარეშე შეეცდებიან არსებული მდგომარეობის მოგვარებას.
ამის შესახებ გაზეთი "რეზონანსი" წერს.
გამოცემის თანახმად, რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანია საკრებულოს თავმჯდომარეებზე შეტევით უკვე დაიწყო და ამის დასტურად მას სენაკში განვითარებული მოვლენები მოჰყავს.
"პირველი იმპიჩმენტი თანაგუნდელებმა 1-ლ სექტემბერს სენაკის საკრებულოს თავმჯდომარეს მოუწყვეს და ამით თვითმმართველობებში საკადრო "წმენდა" გახსნილად გამოცხადდა. არჩევნებამდე დარჩენილ დროში მსგავსი პროცესი კიდევ რამდენიმე რაიონშია მოსალოდნელი.
როგორც "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, გარკვეული პრობლემები ათამდე რაიონშია, თუმცა ირწმუნება, რომ ყველაფერი "გარკვეული კონტროლის ქვეშაა" და არსებული პრობლემების მიუხედავად, სიტუაციის გამწვავება არ მოხდება.
პოლიტოლოგთა მტკიცებით, "ოცნებამ" წინასაარჩევნო კამპანია გახსნა და მუნიციპალიტეტებში საკადრო ცვლილებები აუცილებლად გველოდება", - წერს გაზეთი "რეზონანსი"
წყარო:http://guardian.ge/