ივერიონი / თინა ხიდაშელი: ჩემი ნება რომ იყოს, ბიძინა ივანიშვილს აქტიურ ქართულ პოლიტიკაში დავაბრუნებდი

თინა ხიდაშელი: ჩემი ნება რომ იყოს, ბიძინა ივანიშვილს აქტიურ ქართულ პოლიტიკაში დავაბრუნებდი

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ბოლო დღეებში არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

 

"ჩემი ნება რომ იყოს, ბიძინა ივანიშვილს დავაბრუნებდი აქტიურ ქართულ პოლიტიკაში", განაცხადა ხიდაშელმა. 

 

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის გავლენა გამოწვეულია მის მიმართ დიდი პატივისცემით, თუმცა გადაწყვეტილებების მიღების პროცესის მონაწილე არ არის. 

 

"მე მირჩევნია კონსტიტუციური წყობა ქვეყანაში. მირჩევნია და ჩემი ნება რომ იყოს, ბიძინა ივანიშვილს დავაბრუნებდი ქართულ აქტიურ პოლიტიკაში. მე ვფიქრობ, ის ერთ-ერთი ყველაზე უფრო საუკეთესო იყო, რაც ჩვენს ქვეყანას ბოლო წლების განმავლობაში ხელისუფლებაში უნახავს. თავისთავად ის ფაქტი, რომ ადამიანს აქვს გავლენა, მის მიმართ არის დიდი პატივისცემა, ძალიან ნორმალურია, ეს პრაქტიკულად ყველგან ხდება, სადაც არსებობენ გავლენიანი ადამიანები",-განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

 

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე კარგად იცის, რას ნიშნავს არაფორმალური მმართველობის ბოროტება. 

 

"ბიძინა ივანიშვილი, სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, არ არის თანამონაწილე გადაწყვეტილების მიღების პროცესის. მან ყველაზე კარგად იცის, რას ნიშნავს არაფორმალური მმართველობის ბოროტება, რადგან ჩვენ ამას დიდი ხნის განმავლობაში ვუყურებდით საქართველოში. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩემთვის იქნებოდა იდეალური, ის იყოს დღეს ხელისუფლებაში, მაგრამ, სამწუხაროდ, ის არ არის გადაწყვეტილების პროცესის თანამონაწილე", - განაცხადა ხიდაშელმა.

 

8-09-2015, 21:27
უკან დაბრუნება