"ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა კაციტაძის განცხადებით, 2016 წლის არჩევნებისთვის აუცილებლად უნდა შეიცვალოს საარჩევნო სისტემა.
როგორც კაციტაძემ "პირველ პრესკლუბში" განაცხადა, არასაპარლამენტო ოპოზიციურმა 11-მა პარტიამ ფრაქცია "თავისუფალ დემოკრატებს" მიმართა, რათა მათ პარლამენტში დააყენონ საკითხი და პარლამენტმა შექმნას ინტერპარტიული თანამშრომლობის ჯგუფი საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით, როგორც კონსტიტუციის ასევე საარჩევნო კოდექსის ნაწილში.
"ჩვენ მივმართეთ პარლამენტს, რათა საკონსტიტუციო ცვლილების პროცედურა დაწყებულიყო. საკონსტიტუციო ცლილების 2 პროცედურა არსებობს. ერთი: პარლამენტში 76 დეპუტატის ხელმოწერით და თუ ხელმოწერების რაოდენობა არასაკმარისი იქნება, მაშინ მეორე გზაა - 200 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერის შეგროვება. ჩვენს პირველ მიმართვას, რომელიც გულისხმობდა პროცესების პარლამენტში დაწყებას ხელი 59 ოპოზიციურმა დეპუტატმა მოაწერა, არადა საჭირო 76 დეპუტატის ხელმოწერა იყო. "ქართული ოცნებიდან" არავის მოუწერია ხელი. ამის პარალელურად "ქართული ოცნების" წარმომადგენლებისგან გვესმის, რომ საკმარისი ხმები არ გვაქვს პარლამენტში, რომ საკონსტიტუციო ცვლილება განვახორციელოთო. სად არის ძაღლის თავი დამარხული - ოპოზიციაში თუ ხელისუფლებაში?! აქედან გამომდინარე, ჩვენ იძულებული გავხვდით, საკონსტუტიციო ცვლილების მეორე გზისთვის მიგვემართა და გუშინ საკონსტიტუციო ცვლილების საინივციატივო ჯგუფი ჩამოყალიბდა, რომელიც გუშინვე დარეგისტრირდა პარლამენტში. პროცედურა ითხოვს, რომ პარლამენტში არაუგვიანეს 3 დღისა ბიურო უნდა ჩატარდეს, რომელმაც ეს ინიციატივა საპროცედურო საკითხთა კომიტეტს გადაუგზავნოს, რომელმაც თავის მხრივ არაუგვიანეს 1 კვირისა უნდა განიხილოს ეს წინადადება და გასცეს შესაბამისი ფორმები ჯგუფზე ხელმოწერების შესაგროვებლად. შედეგ ჯგუფს ეძლევა 3 თვე 200 ათასი ხელმოწის შესაგროვებლად. ალბათ, უახლოეს 10 დღეში დავიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას, რადგანაც საკონსტიტუციო ცვლილება აუცილებლად უნდა განხორციელდეს, თუ გვინდა, რომ 2016 წელს ლეგიტიმაციას მოკლებული არჩევნები არ ჩატარდეს",-განაცხადა კაციტაძემ.
მისი თქმით, ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც 5%-იანი ბარიერის 4%-მდე შემცირებას გულისხმობს, სიცრუეა.
"ის საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც ხელისუფლებამ შემოგვთავაზა, რაც 5%-იანი ბარიერის 4%-იან ბარიერამდე შემცირებას გულისხმობს, არ არის სწორი. დღეს არსებულ სისტემაში წერია, რომ პარლამენტში შესვლის ბარიერი არის 5 პროცენტი, ანუ თუ პარტიამ ან ბლოკმა გადალახა 5%-იანი ბარიერი, ის აუცილებლად შედის პარლამენტში და ქმნის ფრაქციას. რაც შემოგვთავაზა ხელისუფლებამ, ის ნიშნავს, რომ პარტია, რომელიც 4 პროცენტს გადალახავს შეიძლება ჰყავდეს დეპუტატი ან არა, ხოლო ფრაქციის არსებობაზე ლაპარაკიც აღარ არის",- აღნიშნა კაციტაძემ.