"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, თავიდან ბიძინა ივანიშვილი მომხრე იყო საარჩევნო კოდექსში ცვლილების შეტანისა და მეტიც, მან მაჟორიტარებს ფეოდალები უწოდა, თუმცა მოგვიანებით, ხელისუფლების უფრო გამოცდილმა წევრებმა მას კარგად აუხსნეს, რომ ამ სისტემის გარეშე არჩევნებს ვერ მოიგებენ და ივანიშვილიც დათანხმდა.
ზურაბ აბაშიძე გაზეთ "ახალ თაობასთან" საუბარისას აღნიშნავს, რომ ყველაფერი ძალაუფლების შენარჩუნებას ემსახურება, მაგრამ ახლა ნიჰილისტური განწყობების დრო არ არის.
"სახლებში არავინ არ უნდა დარჩეს, ყველა უნდა გამოვიდეს და ხმა მისცეს იმას, ვისიც სჯერა. რაც შეგვეხება ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა ბრძოლაში უშიშრად შევდივართ და დამარცხებულები არადროს ვტოვებთ ბრძოლის ველს. მთელი პარტია მხოლოდ ამ განწყობით ვართ. ეს არის საერთო პოზიცია. ეს არის ჩვენი პარტიის პოზიცია. ჩვენ ამ არჩევნებს აუცილებლად მოვიგებთ და ამას ნახავთ. დღეს რეგიონებში ვაძლიერებთ პარტიას, ხალხის ინტენსიური გაწევრიანება ხდება. მე არ წარმოვადგენ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც მეორე ან მესამე ადგილისთვის იბრძვის არჩევნებში. ჩვენ გამარჯვებისთვის ვიბრძვით. ჩვენი კოზირი არის ხალხი, ის მხარდაჭერა, რომელსაც ყოველდღიურად ვგრძნობთ" - აცხადებს აბაშიძე.