საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის ქალაქ დალიანში გამართულ ფორუმზე საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების ურთიერთობაზე ისაუბრა .
პრემიერმა განმარტა, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების პარალელურად საქართველო აზიის ქვეყნებთანაც ავითარებს ეკონომიკურ ურთიერთობებს.
"ჩვენი სურვილია, რომ საქართველო იყოს ცენტრი, სადაც როგორც ამერიკელები, ასევე ჩინელები, სხვა ქვეყნების წარმომადგენლები აქტიურად განახორციელებენ ინვესტიციებს, რადგან ეს ორმხრივად სასარგებლო იქნება. თუ რუკაზე საქართველოს მდებარეობას შეისწავლით, ნახავთ, რომ ეს არის გზაჯვარედინი, უმოკლესი გზა ევროპასა და აზიას შორის. ცნობილია, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი პოლიტიკური ვექტორი, ჩვენი მიზანია ევროკავშირთან მეტი დაახლოება, ასევე ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ეს არ გვიშლის ხელს გვქონდეს ძლიერი ეკონომიკური ურთიერთობები აზიის ქვეყნებთან, ასევე გვქონდეს პრაგმატული და ძლიერი სავაჭრო ურთიერთობა რუსეთთან. თუ შევხედავთ ახალი მთავრობის პოლიტიკას, რომელსაც მე წარმოვადგენ, ნახავთ, რომ ჩვენ ვართ ძალიან პრაგმატულები მეზობლებთან, განსაკუთრებით რუსეთთან ურთიერთობაში. გვესმის ის პასუხისმგებლობა, რომელიც აქვს რეგიონში საქართველოს. საქართველოში დესტაბილიზაცია ეს არის რეგიონის დესტაბილიზაცია, რადგან ჩვენ ვართ დერეფანი კავკასიაში. ამიტომაც კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, რომ ჩვენ გვინდა სტაბილურობა რეგიონში," – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.