ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ახალი პასპორტების პირველი პარტია უკვე ჩაიტანეს, უახლოეს 2-3 კვირაში კი ე.წ. პასპორტების დანარჩენ პარტიას, მათ შორის, ბინადრობის მოწმობებსაც ჩაიტანენ. ამის შესახებ დე ფაქტო რეჟიმის ე.წ. ვიცე-პრემიერმა შამილ აძინბამ ბრიფინგზე განაცხადა.
"სულ შეკვეთილია 250 000 პასპორტი და 50 000 ბინადრობის მოწმობა", - აღნიშნა აძინბამ.
მისივე თქმით, ე.წ. ახალი პასპორტების გაცემა პირველად 2015 წლის ოქტომბერში დაიწყება.
"რემონტი შენობებში, სადაც საპილოტე პროექტი განხორციელდება, პრაქტიკულად დასრულებულია. 10 დღის განმავლობაში ისინი აქტის საფუძველზე იქნება მიღებული და როდესაც აუცილებელი აღჭურვილობა ადგილზე მივა, ახალი ელექტროსისტემის მონტაჟს დავიწყებთ. თავდაპირველად, ეს საპილოტე პროექტი იქნება, შემდეგ კი მთელი აფხაზეთის ტერიტორიაზე განხორციელდება", - განაცხადა ე.წ. პირველმა ვიცე-პრემიერმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ პასპორტიზაციის საკითხი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია და ფრთხილ მომზადებას მოითხოვს.
"ჩვენთვის ეს სუვერენტიტეტის და უსაფრთხოების საკითხია. ეს არ არის უბრალოდ პასპორტი, ეს არის ის ინსტრუმენტი, რომლის დახმარებითაც მოქალაქეები ბედს და ჩვენი სახელმწიფოს მომავალს გადაწყვეტენ. ჩვენ ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ეს პასპორტი ჰქონდეს მხოლოდ მათ, ვინც იმსახურებს", - აღნიშნა აძინბამ.
მისივე თქმით, ე.წ. პასპორტების უკანონო გაცემის შემთხვევებში ახალი სისტემა გამოავლენს, თუ რომელ ეტაპზე იქნა დაშვებული კანონდარღვევა და დამნაშავეს დაადგენს.
წყარო: pia.ge