ივერიონი / თამარ სანიკიძე: ქართველოლოგიის განვითარების ხელშეწყობისთვის მიზნობრივი დაფინანსებაა გამოყოფილი

თამარ სანიკიძე: ქართველოლოგიის განვითარების ხელშეწყობისთვის მიზნობრივი დაფინანსებაა გამოყოფილი

 2015 წლის საგრანტო კონკურსებში ქართველოლოგიის განვითარების ხელშეწყობისთვის გამოყოფილია სპეციალური, მიზნობრივი დაფინანსება, რაც საქართველოში ქართველოლოგიის მეცნიერებების განვითარების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს, ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ პარლამენტში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე - "ენა და თანამედროვე ტექნოლოგიები" განაცხადა. 

 

"დამერწმუნეთ ეს ნამდვილად არის ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტი. დღევანდელი ღონისძიება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტისა და გოეთეს სახელობის ფრანკფურტის უნივერსიტეტის მრავალწლიანი და მნიშვნელოვანი თანამშრომლობის შედეგია. დღევანდელი კონფერენცია ნამდვილად არის ქართველი მეცნიერების და გერმანელი კოლეგების, რა თქმა უნდა, ფორცვაგენის ფონდის დაფინანსების შედეგი. ფორცვაგენის ფონდმა საქართველოში ძალიან ბევრ საინტერესო ინიციატივასა და ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი. მაგალითად, ბოლო რამდენიმე წელია შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ოთხჯერ ჩატარდა საერთაშორისო საზაფხულო სკოლა, ციფრული ჰუმანიტარიის მიმართულებით. ამ ინიციატივას უკვე 2014 წელს რუსთაველის ფონდიც შეურთდა. ასევე 2014 წელს ეს ყველაფერი რეგიონალურ დონეზე ჩატარდა და ამას უკვე ორგანიზებას ჯავახიშვილის უნივერსიტეტი უწევდა. რა თქმა უნდა, ჩართულები იყვნენ ჩვენი გერმანელი კოლეგები. იმედს ვიტოვებთ, რომ სამომავლო მუშაობაში გამოიკვეთება ჩვენი როლიც, ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამის განხორციელებაში. მიხარია, რომ ამ საქმეში სახელმწიფომ თავისი მოკრძალებული წვლილი შეიტანა. ჩვენ ვიცით, რომ დიალექტური კორპუსი გაკეთდა, რომელიც დღეს ერთ-ერთი საგანია განხილვის, რუსთაველის ფონდის დაფინანსებით. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველანაირად ხელს შევუწყობთ პროცესებს იმ შესაძლებლობების ფარგლებში, რაც გაგვაჩნია", - განაცხადა თამარ სანიკიძემ. 

10-09-2015, 13:29
უკან დაბრუნება