ივერიონი / ხალიჩა გაამზადეთ... სააკაშვილი მოდის !

ხალიჩა გაამზადეთ... სააკაშვილი მოდის !

სახუმროდ ნამდვილად არ არის საქმე – საზოგადოებას უკვე აჩვევენ იმას, რომ შესაძლოა მომავალ საპარლამენტო არჩევნებში  პრეზიდენტყოფილი სააკაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" პირველ ნომრად მოგვევლინოს!

 

  იმის ილუზია ნამდვილად არ მაქვს, ბოლომდე გაკოტრებული "ნაცმოძრაობას"  ფიგარო სააკაშვილმა უშველოს, მაგრამ, იმის დაშვებაც კი, რომ შეიძლება   ძებნილი პრეზიდენტყოფილი  დამნაშავე რეჟიმის სათავეში შეიძლება მოგვევლინოს, საზოგადოებისთვის შეურაცხმყოფელია!

 

 თუმცა, არაფერია გამორიცხული -  "ქართულმა ოცნებამ"  იმდენი "მოახერხა", რომ კოჰაბიტაციის წყალობით, არათუ დაპირებული სამართლიანობის  აღდგენას, არამედ, დამნაშავე რეჟიმის "გაპრავებას"  შეუწყო ხელი და ხალხი პირში ჩალაგამოვლებული დატოვა... 

 

  დიახ, რეალობა ასეთია და  ახლა გინდათ დღევანდელი  ხელისუფლების უნიათობას და გინდათ უმოქმედობას დავაბრალოთ ის, რომ ძებნილი (ისიც საკითხავია, ნამდვილად "ეძებენ" თუ თვალს გვიხვევენ!) სააკაშვილი მეზობელი სახელმწიფოს  ერთ-ერთი ჩინოვნიკია და არ არის გამორიცხული, ამავე ქვეყნის  პრემიერ-მინისტრობასაც გამოკრას ხელი, მიგვანიშნებს, რომ ჩვენი  "სტრატეგიული პარტნიორები" დაგვცინიან და საჭიროების შემთხვევაში გვაიძულებენ კიდეც - ვაღიაროთ "ნაციონალური" რეჟიმის უდანაშაულობა და  სააკაშვილსაც თბილისის აეროპორტში  წითელი ხალიჩები დავუფინოთ. 

 

 აკი გაგვაფრთხილა კიდეც ბატონმა განაპოლსკიმ სააკაშვილი ტრიუმფით დაბრუნდება საქართველოშიო!

 

" ნაციონალების" ერთ-ერთი "გამოკვეთილი" სახე – ბატონი დავით დარჩიაშვილი არ გამორიცხავს, რომ სააკაშვილმა უარი თქვას მეზობელი სახელმწიფოს ჩინოვნიკობაზე და საქართველოში დაბრუნდეს, რომ ბოლომდე  "მიიყვანოს"  დაწყებული რეფორმები...

 

  საყურადღებოა დარჩიაშვილის განცადება, რომ სააკაშვილი რეგიონალურ ლიდერად ჩამოყალიბდა  და იგი ყოველთვის იქ დადგება, სადაც ამის აუცილებლობა იარსებებს. 

 

 ის, რომ საქართველოში  დაბრუნებაზე ოცნებობს,  არ უნდა გაგვიკვირდეს – მითუმეტეს, თუ მისი "პარტნიორებიც" ასე ჩათვლიან!

 

 ცალკე საუბრის თემაა  სააკაშვილის შესაძლო გაპრემიერება, რომელიც კიდევ ერთი შემოლაწუნება იქნება საქართველოსთვის!

 

  მიუხედავად იმისა, რომ, როგორც საქართველოში, უკრაინაშიც  უკრაინელ ხალხს არავინ არაფერს ეკითხება,  უცხო ქვეყანაში სააკაშვილის გაპრემიერება მართლაც უდიდესი ნახტომი იქნება საქართველოში მისი ტრიუმფით დასაბრუნებლად...

 

 რა ქნას ხალხმა – შეეგუოს ასეთ სახიფათო პრესპექტივას, თუ დადგეს ერთ სულ და ერთ ხორც და მოსთხოვოს მოქმედ ხელისუფლებას -  გამოიყენოს  მის ხელთ არსებული  კონსტიტუციური ბერკეტები და ერთხელ და სამუდამოდ  წერტილი დაუსვას "ნაცმოძრაობის"   პარპაშს საქართველოში ?!

 

  რა თქმა უნდა, სხვა გზა, სხვა გამოსავალი არ არსებობს!

"არეული" მონასტერი უნდა დალაგდეს!

 

 

 საბა საბახტარაშვილი

 

10-09-2015, 16:14
უკან დაბრუნება