კანონმდებლობის დონეზე არ არის განსაზღვრული ვალდებულება, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტში აუცილებლად საკონსტიტუციო კომისიის გავლით უნდა მოხვდეს, თუმცა ცხადია, რაც უფრო მეტ ფილტრს გაივლის კანონპროექტი, იქნება კარგი, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტმა, ვახუშტი მენაბდემ საქართველოს პრეზიდენტის პოზიციის კომენტირებისას განუცხადა. პრეზიდენტი საკონსტიტუციო კომისიას თხოვნით მიმართავს, პარლამენტში ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მოსაზარება გამოხატოს.
მენაბდის განმარტებით, საკონსტიტუციო კომისია სწორედ "ერთ-ერთი ფილტრია", თუმცა ხაზგასასმელია ისიც, რომ აღნიშნული კომისიის მუშაობა ფაქტობრივად პარალიზებულია.
"უპირველეს ყოვლისა მინდა ვთქვა, რომ კანონმდებლობის დონეზე არსად არ არის განსაზღვრული ვალდებულება, საკონსტიტუციო ცვლილებები აუცილებლად საკონსტიტუციო კომისიის გავლით უნდა მოხვდეს პარლამენტში. ეს არსად წერია. ვალდებულება არის მხოლოდ საერთო სახალხო განხილვა, რომელიც ალბათ დაიწყება ინიცირების შემდეგ. ამდენად, თუ პარლამენტი საკონსტიტუციო კომისიის გვერდის ავლით მიიღებს კონსტიტუციურ ცვლილებებს, ეს არ იქნება კანონდარღვევა და კონსტიტუციასთან შეუსაბამო, მაგრამ, მეორე მხრივ, ცხადია, რაც უფრო მეტ ფილტრს გაივლის ცვლილებები, იქნება კარგი, საკონსტიტუციო კომისია კი სწორედ ერთ-ერთი ფილტრია, სადაც უნდა გაიმართოს ამ საკითხებზე მსჯელობა. ამის პარალელურად, პრობლემა ის არის, რომ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა ფაქტობრივად პარალიზებულია და მას ბოლო რამდენიმე თვეა, შეხვედრები არ გაუმართავს, მათ შორის დაახლოებით ერთი წელია, არც ერთი შეხვედრა არ ჩაუტარებია უშუალოდ იმ სამუშაო ჯგუფს, რომელსაც ვახტანგ ხმალაძე ხელმძღვანელობს და, რომელსაც უშუალოდ ევალდებოდა იმ საკითხების განხილვა, რაც დღეს პარლამენტშია ინიცირებული. თუ მმართველ გუნდს ეს იდეა ჰქონდა და ამაზე სურდა მუშაობა, ცხადია, ეს საკითხი საკონსტიტუციო კომისიაში უნდა მომწიფებულიყო, თუმცა სამწუხაროდ, უმრავლესობა მთელი წლის განმავლობაში უგულვებელყოფდა კომისიის აღნიშნული სამუშაო ჯგუფს და დემონსტრაციულად არ ატარებდა შეხვედრებს. დეპუტატების დიდი ნაწილი არ მონაწილეობდა სხდომებში, რის გამოც კვირუმი არასდროს იყო. კომისია მხოლოდ დამოუკიდებელი ექსპერტების, არასაპარლამენტო ოპოზიციისა და ცალკეული დეპუტატის იმედზე არსებობდა", - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.
რაც შეეხება უშუალოდ მმართველ კოალიციაში შემავალი 81 დეპუტატის ხელმოწერით პარლამენტში ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, მისი შეფასებით, "ქართული ოცნება" "ხელის გადაგრეხვის პოლიტიკას" მიმართავს და ოპოზიციასთან "წაუგებელ თამაშსს" თამაშობს.
"ზოგადად, ჩვენი კონსტიტუციის მთავარი პრობლემა არის ის, რომ მასში შეტანილი ცვლილებები ყოველთვის იყო მმართველი გუნდის ინტერესებს მორგებული, ანუ მას ყოველთვის აკლდა ლეგიტიმურობა და საზოგადოებრივი კონსენსუსი ცვლილებებში არ იყო ასახული. დღეს "ქართული ოცნება" მიმართავს ხელის გადაგრეხვის პოლიტიკას, როცა ამ ცვლილებების ინიცირებას ახდენს: მას დამოუკიდებლად არ შეუძლია კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა და სჭირდება ოპოზიციის თანხმობა, რადგან საჭირო ხმების რაოდენობა - 113 მანდატი არ გააჩნია. მეორე მხრივ, დღეს გვაქვს ცუდი საარჩევნო სისტემა, რომელიც არავის აწყობს. ამის ფონზე "ქართული ოცნება" ახდენს იმგვარი პროექტის ინიცირებას, რომელიც ასევე ცუდია, თუმდა არსებულს ჯობია, ანუ ის ოპოზიციას, ფაქტობრივად, არჩევანს არ უტოვებს _ თუ ოპოზიცია აღნიშნულ ცვლილებებს მხარს დაუჭერს, მისთვის მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე არაფერი შეიცვლება, ხოლო თუ არ დაუჭერს, მაშინ იმ სარგებელზე უარის თქმა, რომელიც შეიძლება 2020 წელს მივიღოთ, მთლიანად მას დაბრალდება, ანუ ფაქტობრივად, "ქართული ოცნება" თამაშობს წაუგებელ თამაშს, თუ ოპოზიცია დათანხმდება ცვლილებებს, წააგებს, არ დათანხმდება – პოლიტიკურად წააგებს ანუ ორივე შემთხვევაში წაგებული რჩება", - აღნიშნა ვახუშტი მენაბდემ.