ივერიონი / ამირან გამყრელიძე მშობლებს და სასწავლო დაწესებულებების ხელმძღვანელებს მიმართავს

ამირან გამყრელიძე მშობლებს და სასწავლო დაწესებულებების ხელმძღვანელებს მიმართავს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი სასწავლო წლის დაწყებამდე მშობლებს, სკოლებისა და საბავშვო ბაღების დირექტორებს რეკომენდაციებით მიმართავს.

 

ამირან გამყრელიძე ყურადღებას ამახვილებს, რომ დასავლეთ უკრაინაში პოლიომიელიტის ორი შემთხვევა გამოვლინდა, ამიტომ მისი შეფასებით, სიფრთხილე გვმართებს.

 

"ყველა მშობელს, სკოლის დირექტორსა და საბავშვო ბაღების ხელმძღვანელს ვთხოვთ, კიდევ ერთხელ გადასინჯონ ბავშვების აცრის კალენდარი. ნახონ რამდენად სრულად არიან პატარები აცრილები. თუ არ არიან აცრილები, მიიყვანონ ბავშვები პოლიკლინიკაში და აცრან. აცრები სახელმწიფო პროგრამით უფასოა. ყველა ვაქცინა, რომელიც სახელმწიფო პროგრამით საქართველოში გამოიყენება პრეკვალიფიცირებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ხარისხის მაღალი გარანტია გახლავთ", - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი საკუთარ ვებგვერდზე კონკრეტულ რეკომენდაციებს აქვეყნებს, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

 

"2015-2016 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ გადამდები დაავადებების აფეთქების ან ფართოდ გავრცელების, ასევე ეპიდემიის დაწყების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა ადამიანმა უნდა ჩაიტაროს ვაქცინაცია (სამედიცინო უკუჩვენებების არარსებობის შემთხვევაში) რომელიც აუცილებელია როგორც საკუთარი, ასევე სხვა პირის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საფრთხის თავიდან ასაცილებლად .

აღნიშნულიდან გამომდინარე, წითელას და ასევე, სხვა ვაქცინაციით მართვადი დაავადებების (დიფთერია, ტეტანუსი, ყივანახველა, პოლიომიელიტი, წითურა, ყბაყურა) პრევენციის მიზნით, თქვენი კომპეტენციის ფარგლებში საგანმანათლებლო, სააღმზრდელო, საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების სათანადო პერსონალმა, გთხოვთ უზრუნველყოთ:

 

- აღსაზრდელებისა და მოსწავლეების მისაღებად დამტკიცებული დოკუმენტაციის ჩამონათვალში, კონკრეტულად ფორმა 100/ა "ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ", პუნქტში, "ინფორმაცია ჩატარებული პროფილაქტიკური აცრების შესახებ" მონაცემების გადამოწმება ასაკობრივად ჩატარებული პროფილაქტიკური აცრების შესახებ და აცრების არ ჩატარების/გადავადების შემთხვევაში, მიზეზი/ სამიდიცინო უკუჩვენება, თუ რის საფუძველზე არ ჩატარდა კონკრეტული აცრა;

- სააღმზრდელო დაწესებულებებში (ბაღებში) სათანადო პერსონალის მიერ მოხდეს აღსაზრდელის აცრის სტატუსის გადამოწმება და მშობლისათვის ინფორმაციის მიწოდება ჩასატარებელი პროფილაქტიკური აცრების შესახებ;

- ეპიდჩვენებით აცრების ჩატარების, ეპიდემიური აფეთქებების და/ან ეპიდემიების დროს მაქსიმალური მხარდაჭერა გაუწიოთ ტერიტორიულ რაიონულ/მუნიციპალურ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს საგანმანათლებლო, სააღმზრდელო, საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში ვაქცინაციისა და სხვა აუცილებელი პროფილაქტიკური ღონისძიებების გასატარებლად;

- მშობლებმა დროულად უზრუნველყონ ბავშვის ვაქცინაციის სტატუსის გადამოწმება და ასაკის შესაბამისი აცრების ჩატარება შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში;

- ასევე აცრების შესახებ სათანადო ინფორმაციის წარდგენა საგანმანათლებლო, სააღმზრდელო, საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების მოთხოვნის შესაბამისად.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით ხორციელდება 30 წლამდე ასაკის არავაქცინირებული პირების ერთჯერადი უფასო ვაქცინაცია წითელა-წითურა-ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინით.

საქართველოში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გამოიყენება მხოლოდ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული და პრეკვალიფიცირებული ვაქცინები. აქედან გამომდინარე, ყველა ვაქცინა, მიუხედავად მწარმოებელი ქვეყნისა და/ან კომპანიისა, გამოირჩევა მაღალი ეფექტურობისა და უსაფრთხოების მაჩვენებლით.

შეგახსენებთ, რომ აცრები უფასოა, რადგან ამ ვაქცინის ღირებულებას სრულად ფარავს სახელწიფო იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში", - აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.

ამასთან, ცენტრი მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, რამდენიმე რეკომენდაციაზე ამახვილებს ყურადღებას - "ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო და მოხერხებული გადაადგილებისთვის საკმარისია რამდენიმე მარტივი წესის დაცვა:

არ გადაირბინო გზაჯვარედინზე; 

ქუჩაზე გადასვლისას არ მოადუნო ყურადღება;

ქუჩაზე გადასვლისას თავი შეიკავე ყურსასმენების გამოყენებასა და ტელეფონით საუბარზე;

ნუ იქნები იმის იმედად, რომ მოახლოებული მანქანის მძღოლი შეგამჩნევს და დაამუხრუჭებს; 

დაელოდე მანქანის გააჩერებას, მხოლოდ შემდგომ გადაჭერი ქუჩა;

საღამოს საათებში, ხილვადობის გასაუმჯობესებლად, ჩაიცვი ნათელი შეფერილობის ტანსაცმელი;

ისარგებლე ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილი მიწისქვეშა თუ მიწისზედა გადასასვლელით

 

 

წყარო:IPN

 

11-09-2015, 13:02
უკან დაბრუნება