პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გელა სამხარაულის შეფასებით, მევენახეთა პრობლემის გამოყენებით "ნაციონალურმა მოძრაობამ" პროვოკაციის მოწყობა სცადა.
კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, თუკი ოპოზიციონერ დეპუტატებს მევენახეთა საკითხის გადაჭრა მართლაც აინტერესებდათ, შეეძლოთ, საკითხის დღის წესრიგში ჩასმა წინასწარ მოეთხოვათ და კომიტეტი განხილვისათვის მოემზადებოდა.
"ვენახი, ღვინო, საქართველოსთვის მხოლოდ ეკონომიკური ურთიერთობები არ არის. ძალიან ძნელია, როცა ქართველი კაცი ამ ყველაფერს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისათვის იყენებს. ჩვენ კომიტეტის სხდომაზე გლეხების მოსვლის თაობაზე ინფორმირებული არ ვიყავით. დღის წესრიგით სულ სხვა საკითხის განხილვა იყო გაწერილი. "ნაციონალურმა მოძრაობამ" ფაქტის წინაშე დაგვაყენა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყურძნის ჩაბარების საკითხის განხილვაზე უარს არ ვამბობთ და მზად ვართ მევენახეებს მოვუსმინოთ. აღნიშნულ საკითხზე არც ერთი ჩემი ოპონენტი იმაზე მეტად არ წუხს, ვიდრე პირადად მე. ბავშვობიდან ამ საქმით ვარ დაკავებული და თითოეუელი ნიუანსის დეტალი საკუთარი ოჯახის მხრებზე მაქვს გადატანილი. ნებისმიერი ასეთი პროვოკაციული მიდგომა ძალიან მტკივნეულია", - ამბობს აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.
პარლამენტის აგრარულ საკითხთა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა ხმაურით დაიწყო. "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა დღის წესრიგში ყურძნის სუბსიდირების საკითხის შეტანა და მისი განხილვა მოითხოვეს. სხდომაზე მივიდნენ კახეთის სხვადასხვა რაიონიდან ჩამოსული მევენახეები, რომლებიც ყურძნის ჩაბარების ფასს აპროტესტებენ.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარეების მხრიდან აღინიშნა, საკითხზე დღეს ვერ იმსჯელებენ, რადგან მოუმზადებლი არიან და, შესაბამისად, კომიტეტის თავმჯდომარეებმა ყურძნის ჩაბარების თემის განხილვაზე უარი თქვეს. ამას "ნაციონალური მოძრაობის" და გლეხების პროტესტი მოყვა.