ივერიონი / უტა მოდის?!

უტა მოდის?!

საქართველოში  ჭორებს   ბოლო არ უჩანს. (თუმცა, ბევრი მათგანი ხშირად მართლდება ხოლმე) - თუ გასული  კვირის დასაწყისში ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე და მისი მხრიდან  "ქართული ოცნების" ლოკომოტივის  ფუნქციის შესრულებაზე ჭორაობდნენ,  უკვე ბიძინას  უფროსი ვაჟიშვილის -უტას გაპოლიტიკოსებაზეა საუბარი. მეტიც, ჭორბიუროს ცნობით, როლები იცვლება და სიის პირველი ნომერი სწორედ  უტა იქნება.

 

  ჭორი ჭორად, მაგრამ, დღევანდელი  ურთულესი ვითარება ბიძინა ივანიშვილს მოსვენებას რომ არ უნდა აძლევდეს, ცხადია. მისი სიტყვებია  თუ ქვეყანას ძალიან გაუჭირდება, მე ისევ დავბრუნდები პოლიტიკაში, რეალურად უნად აქციოს-  სხვანაირად, ოქტომბრის მონაპოვარსაც დაკარგავს და    საკუთარ რენომეს  გაურკვეველ პერსპექტივას გაუმზადებს...

 

 რა თქმა უნდა, ივანიშვილი  დამარცხებულის პოზიციაში ჩადგომას ვერ შეეგუება  - იგი ყველაფერს იღონებს იმისთვის, რომ  ახალი "რევოლუციის"  ნანგრევებში არ აღმოჩნდეს!

 

 მიუხედავად იმისა, რომ  შეუსრულებელი დაპირებების გამო  მისი  ადრინდელი შარავანდედი ნელ-ნელა  იცრიცება, დღეს საქართველოში სხვა  ალტერნატივა არ არის და საზოგადოებაც იძულებულია სწორება  ისევ ივანიშვილზე გააკეთოს!

 

  საქმე ისაა, რომ  ვერა და ვერ შევძელით " მოჯადოებული წრის" გარღვევა და ნორმალური, სახელმწიფო ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკური სპექტრის ჩამოყალიბება  -" ნაცების"  ხელისუფლებაში მობრუნება  ერის გილიოტინაზე  ნებაყოფლობით ასვლის ტოლფასია, სხვა პოლიტიკური ძალები ერთ ადგილს ტკეპნიან  და კარგა ხანია გაკოტრების კანდიდატთა სიაში აღმოჩნდნენ. "ახალი სისხლი" , ახალი სახეები, რომლითაც ხშირად აპელირებენ საზოგადოებაში, არა და არ ჩანს...

 

  ბევრი ვარაუდობს, რომ ქვეყანაში ლიდერის დეფიციტია და ამიტომ ვერ ხერხდება ჯანსაღი, ქვეყანაზე ორიენტირებული ძალების კონცენტრირება , თუმცა,  იმაზე ნაკლებად ვფიქრობთ, რომ პირიქითაა-  საზოგადოებაში არ არის მოთხოვნილება  ახალ ლიდერზე, რომლის გარშემოც სწორედ ახალი, გაუცვეთავი სახეები გაერთიანდებიან!

 

 ერთი რამ უდავოა!?  კარსმომდგარი არჩევნები და შექმნილი მწვავე რეალობა "რაღაცის" შეცვლის აუცილებლობის წინაშე  გვაყენებს.

 

  ვეთანხმები ბ-ნ გია ხუხაშვილს, რომ დღეს  გვინდა, არ გვინდა, სწორება ისევ ბიძინა ივანიშვილისკენ უნდა გავაკეთოთ - თუ რა ფორმით დაბრუნდება იგი პოლიტიკაში, მისი გადასაწყვეტია, მაგრამ, ის მაინც უნდა მოვახერხოთ, რომ შეცდომის დაშვების  უფლება არ მივცეთ.

 

 "შეცდომაში" უპირველესად ივანიშვილის  ახალი გუნდი იგულისხმება, რომელიც  ადრინდელისგან განსხვავებით, სულ სხვა  კრიტერიუმით უნდა დაკომპლექტდეს!

 

  მიუხედავად იმისა, რომ  ოქტომბრის შემდგომმა პერიოდმა მას გარკვეული პოლიტიკური გამოცდილება შესძინა , ვერ ვიტყვით, რომ ივანიშვილი თანამედროვე პოლიტიკოსად ჩამოყალიბდა -  ეს არც სამთავრობო გუნდის შერჩევის პრაქტიკას  და ხელისუფლების  სტრატეგიას ეტყობა. ხშირად ურთიერთგამომრიცხავი და  საკამათოა მისი ოფიციალური  განცხადებებიც.

 

   ძნელი სათქმელია, გააკეთა თუ არა დასკვნები მან საკუთარი შეცდომებიდან და რა  ახალ სტრატეგია-ტაქტიკას გვთავაზობს  იგი, მაგრამ, ერთი რამ ფაქტია -  საქართველოს ბედი ისევ სასწორზეა შეგდებული!

 

   ახლა რაც შეეხება უტას პოლიტიკაში შემოსვლას და "ქართული ოცნების"  პირველ ნომრად გამწესებას. არ არის გამორიცხული, ეს ასეც მოხდეს -  უტას გაპოლიტიკოსება პირდაპირ თუ ირიბად ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას ნიშნავს...

 

 თუ  ობიექტურად განვსჯით, ამ შემთხვევაშიც ექს-პრემიერის  პოლიტიკური პასუხისმგებლობის ხარისხიც არ სუსტდება -ივანიშვილი მაქსიმუმს გააკეთებს, რომ საკუთარი ვაჟიშვილი  სერიოზული დარტყმის ქვეშ არ დააყენოს.

 

  მოდით ახლა ივანიშვილის 2011 წლის პოლიტიკური განცხადება გავიხსენოთ, სადაც იგი პოლიტიკაში შემოსვლის მიზეზად  უფროს ვაჟიშვილს -უტას ასახელებს.

 

  ექს-პრემიერი გვარწმუნებდა, რომ ეს გადაწყვეტილება სწორედ ოჯახის, განსაკუთრებით უტას ზეწოლით მიიღო. მაშინ ბევრი ფიქრობდა, რომ ქართველი მილიარდერი  პოლიტიკაში საკუთარ ვაჟიშვილს შემოიყვანდა და ეს განცხადება სწორედ ამიტომ კეთდებოდა, მაგრამ, ასე არ მოხდა -  უტა პოლიტიკას გაარიდა, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და გარკეული პერიოდის შემდეგ ისევ დაგვემშვიდობა.

 

  ახლა არ ღირს იმაზე საუბარი, ივანიშვილი სააკაშვილზე შურისძიების მოტივით შემოვიდა პოლიტიკაში თუ უტას  დაჟინებული მოთხოვნით. მაგრამ, ერთი რამ ფაქტია: საქმე გვაქვს მემკვიდრეობის პრინციპთან, რომელსაც  ქართული სახელმწიფოებრიობის  ტრადიციის გათვალისწინებით ბევრი კითხვის ნიშანი შეიძლება გამოუჩნდეს...

 

   ქართული საზოგადოება უტას ჯერჯერობით არ იცნობს, მითუმეტეს არ იცნობს როგორც შემდგარ პოლიტიკოსს, რომელსაც მმართველი პარტიის ლოკომოტივის შესრლების მისია უნდა დაეკისროს.

 

 ასევე საზოგადოებას  წარმოდგენა არა აქვს მის საქმიან თვისებებზეც. რაც შეეხება განათლებას, უდავოა, რომ  უტას საფუძვლიანი  ევროპული განათლება  აქვს მიღებული , მაგრამ, ეს  საკმარისი არ არის დიდ პოლიტიკაში შემოსასვლელად.

 

  ნიშანდობლივია ისიც, რომ  საქართველოში შექმნილი  მწვავე პოლიტიკურ-ეკონომიკური  ვითარება  ჩვეულებრივ სტანდარტებში არ ჯდება. აქედან გამომდინარე, ევროპაში მიღებული  ცოდნა (თეორიული  ბაზა) არ შეიძლება  წარმატებული პოლიტიკური კარიერის გარანტად ჩავთვალოთ.

მითუმეტეს, არ ვიცით, რა ფუნქციას იტვირთავს იგი საპარლამენტო არჩევნებში პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნების" გამარჯვების შემთხვევაში!

თუ  ეს ჭორი გამართლდება და უტა ივანიშვილი მომავალ არჩევნებში "ქართული ოცნების" პირველ ნომრად ვიხილეთ, მის მიმართ  ინტერესი საქართველოში საგრძნობლად გაიზრდება. ამ თემას ჩვენც ბევრჯერ დავუბრუნდებით და უფრო ღრმა ანალიზსაც მოგაწვდით.

მანამდე, კი, ყველამ ერთად გავიაზროთ, რას მისცემს ქვეყანას ივანიშვილის უფროსი ვაჟიშვილის პოლიტიკაში შემოსვლა!!!

 

 

                 საბა საბახტარაშვილი

 

 

„ივერიონში“ სტატია გამოქვეყნებული იყო, როცა საზოგადოება „მოქალაქემ“ უტა ივანიშვილის პოლიტიკაში შესაძლო შემოსვლასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა. ჩვენ თავს ვალდებულად ვთვლით მკითხველს მივაწოდოთ ზემოთხსენებული განცხადება, თან დავძენთ: ქართულ პოლიტიკაში ძალიან ბევრი შემთხვევა გვახსოვს, როცა რაღაცას უარყოფენ, მაგრამ საპირისპირო კი ხდება. 

 

მომავალი გვიჩვენებს, რამდენად სარწმუნოა საზოგადოება „მოქალაქეს“ ოფიციალური უარყოფა!

 

 

 

საზოგადოება "მოქალაქე" უტა ივანიშვილის პოლიტიკაში ჩართვას გამორიცხავს

 

საზოგადოება "მოქალაქე" ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის შვილის უტა ივანიშვილის პოლიტიკაში ჩართვას გამორიცხავს, განცხადებას ამის შესახებ "მოქალაქე" , თავის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

 

"ბოლო დღეებში რამდენიმე საინფორმაციო საშუალებამ გაავრცელა დეზინფორმაცია უტა ივანიშვილის პოლიტიკაში შესაძლო ჩართვის შესახებ, რაც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. საზოგადოება "მოქალაქე" აცხადებს, რომ მსგავსი ინფორმაციის გავრცელებას არანაირი საფუძველი არ გააჩნია - უტა ივანიშვილი პოლიტიკაში ჩართვას გამორიცხავს როგორც ამ ეტაპზე, ისე – სამომავლოდ", - ნათქვამია განცხადებაში.  

14-09-2015, 12:22
უკან დაბრუნება