ივერიონი / ბესო საღარაძე: საჩოთირო კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს!

ბესო საღარაძე: საჩოთირო კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს!

ეს წერილი-მიმართვა „ივერიონის“ერთგულმა მკითხველმა ბატონმა ბესო საღარაძემ გამოგვიგზავნა. მიმართვაში დასმული საკითხი, იმდენად აქტუალურია, საჭიროდ ვთვლით, მკითხველისთვის საჯარო გავხადოთ იგი.

„ივერიონი“ სიამოვნებით დაიწყებს დისკუსიას აღნიშნულ თემაზე და მკითხველთა (უპირველესად, სპეციალისტთა) მოსაზრებებსაც სიამოვნებით დაუთმობს ადგილს

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

ბატონ დავით უსუფაშვილს

 

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს

ბატონ ვახტანგ ხმალაძეს,

 

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს

ბატონ ივანე კიღურაძეს,

 

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს

ბატონ დიმიტრი ხუნდაძეს

 

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს

ბატონ თამაზ მეჭიაურს

 

ბატონებო,

საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილია კანონპროექტი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის შესახებ“.

ფიზიკოსების ჯგუფმა ექიმ-რადიოლოგთან ერთად (საჭიროების შემთხვევაში მოგაწვდით მათ საკომუნიკაციო რეკვიზიტებს) მოვაწყვეთ კანონპროექტის ინტერნეტ-განხილვა და გადავწყვიტეთ თქვენთვის გაგვეცნო  ჩვენი მოსაზრებები. კერძოდ:

 

კანონპროექტის თანახმად:

-   ტექნოლოგიური ინსტიტუტის სამართლებრივი სტატუსია სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული, საქართველოს მთავრობის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული და ამ კანონის საფუძველზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამებს და სამეცნიერო კვლევებს.

-  ტექნოლოგიური ინსტიტუტის, როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო კვლევითი დაწესებულების - სასწავლო-სამეცნიერო კომპლექსის შემადგენლობა, სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილება განისაზღვრება ტექნოლოგიური ინსტიტუტის წესდებით, რომელსაც ტექნოლოგიური ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის (შემდგომში - აღმასრულებელი დირექტორი) წარდგინებით ამტკიცებს ტექნოლოგიური ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო (შემდგომში - სამეცნიერო საბჭო).

-  ტექნოლოგიური ინსტიტუტის წესდებისა და ტექნოლოგიური ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს დებულების დამტკიცებისთანავე ტექნოლოგიური ინსტიტუტი ითვლება ავტორიზებულად. (იხ. მუხლი 3.1.).

-  სამეცნიერო საბჭო: ამტკიცებს ტექნოლოგიური ინსტიტუტის წესდებას, წესდებით განსაზღვრული წესით შეარჩევს აღმასრულებელი დირექტორის კანდიდატურას და დასანიშნად წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. (იხ. მუხლი 3.1.).

კანონპროექტის ავტორი - საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებული ტექნოლოგიური ინსტიტუტის და ადრონული თერაპიის მეგაპროექტის გარშემო თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის კონცეფციისა და დაფუძნების საკითხთა შემმუშავებელი კომისია -კანონპროექტში წერს, რომ:

-   "მუხლი 12. ტექნოლოგიური ინსტიტუტის დაფინანსება 1. ტექნოლოგიური ინსტიტუტის დაფინანსების წყაროებია: ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები".

ხოლო კანონპროექტის ინიციატორი - საქართველოს მთავრობა - იგივე კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერს, რომ:

-   "კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე".

 

შენიშვნები:

-  წარმოდგენილი კანონპროექტით საქართველოში ფუძნდება უმაღლესი სასწავლო დაწესებულება, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გვერდის ავლით, საკუთარი სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით ახდენს ავტორიზებას.

-  სამართლებრივი წინააღმდეგობაა ტექნოლოგიური ინსტიტუტის დაფინანსების წყაროების განმარტებაში:  კანონპროექტით ინსტიტუტის დაფინანსების წყაროა საქართველოს ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები, განმარტებითი  ბარათის თანახმად კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.

-  წინააღმდეგობა დაფინანსებაში დაუშვებელია, რადგან კორუფციული სქემის საშიშროებას ქმნის.

კანონპროექტი ცალსახად  უნდა განსაზღვრავდეს:

1.      ეს სახელმწფო პროექტია,

2.      კერძო

თუ

3.      სახელმწიფო+კერძო.

პირველ შემთხვევაში: კანონპროექტს უნდა ახლდეს დანართი, რომელშიც დაწვრილებით იქნება გაწერილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების რაოდენობა და ხარჯვის კალენდარული გეგმა.

მეორე შემთხვევაში: სასურველია უკვე ცნობილი იყოს ძირითადი ინვესტორი (ინვესტორები) და კანონპროექტს თან ახლდეს ბიზნეს-გეგმა. წინააღმდეგ შემთხვევაში პროექტი სრულიად არარეალური ხდება.

მესამე შემთხვევაში: კანონპროექტს უნდა ახლდეს დანართი და ბიზნეს-გეგმა, რომელშიც დაწვრილებით იქნება გაწერილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი და კერძო ინვესტორების მიერ ინვესტირებული სახსრების რაოდენობა და ხარჯვის კალენდარული გეგმა.

ტექნოლოგიური ინსტიტუტის სამართლებრივი სტატუსი, დასახელება, საქმიანობა და ფუნქციები არ შეესაბამება ერთმანეთს.

სახეზეა მიზანმიმართული საკანონმდებლო-ფუნქციური ქაოსი შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) ამჟამად საქართველოში (და მსოფლიოში) სამეცნიერო-საგანმანათლებლო  ცენტრების სრუქტურაში ინსტიტუტი არის  დაქვემბდებარებული ერთეული უფრო მსხვილი გაერთიანებისა (მაგ, უნივერსიტეტისა) და მისი საქმიანობა უფრო კონკრეტულია ვიდრე იმ სისტემისა რომელსაც იგი ექვემდებარება.

წარმოდგენილ კანონპროექტში კი პირიქითაა.

ბ) სამეცნიერო საგანმანათლებლო ცენტრები შედგებიან ქვესტრუქტურებისგან, ყველა ერთეულს აქვს განსაზღვრული საქმიანობა და მიზანი. მათი გაერთიანების მიზანი კი ინტეგრირებული დარგთაშორისი საქმიანობაა.

წარმოდგენილ კანონპროექტში კი დაუსაბუთებელი სამეცნიერო და საგანმანათლებლო წონადობის ერთი კონკრეტული  საკითხის (და არა დარგის!!!) გარშემო იქმნება ინსტიტუტი და ენიჭება ''ინსტიტუტების გაერთიანების'' სტატუსი, რომელსაც აქვს ყველა მიმართულებით კველევის ფუნქცია .

 

 

             კანონპროექტის სამედიცინო-ფიზიკური ნაწილის შესახებ

          (კანონპროექტის მუხლი 5. ტექნოლოგიური ინსტიტუტის ფუნქციები

        ტექნოლოგიური ინსტიტუტის ფუნქციებია: ა) ადრონული თერაპიის მეგაპროექტის გარშემო სამეცნიერო კვლევების განვითარებისათვის ხელისშეწყობა)

 

1.  ადრონული თერაპია

ადრონულ (ან ნაწილაკთა) თერაპიას განეკუთვნება ნეიტრონული, პროტონული, იონური თერაპია.

როგორც გვესმის, საუბარია პროტონულ თერაპიაზე (ვერ ვხვდებით, რატომ იხმარება სახელწოდება "ადრონული").

ძალიან მოკლე კომეტარს გავაკეთებთ:

ონკოლოგები ამ სახის თერაპიას სიფრთხილით ეკიდებიან, რადგან პროტონულ თერაპიას შეიძლება ჰქონდეს მძიმე გვერდითი მოვლენები (როგორც სხვა დანარჩენ თერაპიას).

ეს თემა ძალიან აქტუალურია საქართველოში.

ონკო-მკურნალობა ნამდვილად სავალალო მდგომარეობაშია.

სახელმწიფომ ნამდვილად უნდა იზრუნოს თანამედროვე მკურნალობის მეთოდების დანერგვაზე (ისევე როგორც საერთოდ ონკოდაავადებულთა მიმართ დამოკიდებულების შეცვლაზე), მაგრამ რეალური სურათი უნდა იქნეს მოცემული.

შესანიშნავია, თუ საქართველოში თანამედროვე ექსპერიმენტული ტექნოლოგიები დამკვიდრდება, მაგრამ სანამ ეს მოხდება, სასურველია ამოქმედდეს უკვე არსებული, გამოცდილი, თანამედროვე ტექნოლოგიები.

აუცილებელია დიაგნოსტიკის რამდენიმე თანამედროვე აპარატურა თავისი მომსახურე პერსონალით, რომ:

-       ადგილობრივი სამედიცინო მომსახურების დაწესებულებებში მოხდეს მოსახლეობის დისპანსერიზაცია ონკოდაავადებათა მიმართულებით, რაც შექმნის მათ ადრეულ ეტაპზე გამოვლენის შესაძლებლობას.

ცენტრის ექსპლუატაციას შესაბამისი დონე სჭირდება.

პროექტი უფრო რეალური გახდება, თუკი მისი პირველი ეტაპი გაითვალისწინებს არა პროტონული თერაპიის, რომელიც ექსპერიმენტული მეთოდიკაა  დღეს,  არამედ  თანამედროვე რადიოლოგიური ცენტრის შექმნას  ტრადიციული მეთოდიკების გამოყენებით. ეს  გაცილებით იაფი და პრაქტიკული თვალსაზრისით (პაციენტებისათვის) უფრო სასარგებლო იქნება.

 

2.   ფიზიკა და ტექნოლოგიები

გაუგებარია, რა მაღალი ენერგიების ფუნდამენტალურ ფიზიკაზეა ლაპარაკი. სამედიცინო სინქროტრონები ამისათვის არ და ვერ გამოიყენება. აქ ლაპარაკი შეიძლება იყოს მხოლოდ ამაჩქარებლების ფიზიკის და ისიც ვიწრო აზრით (ამაჩქარებლები სამედიცინო გამოყენებისათვის) განვითარებაზე.

ჩვენი აზრით, პროექტი უნდა შეაფასონ:

-       თუ მაღალი ენერგიების ფიზიკას განავითარებს, მაღალი ენერგიების ფიზიკის სპეციალისტებმა;

-       თუ ბირთვულ ფიზიკას, ბირთვული ფიზიკის სპეციალისტებმა;

-       თუ მყარი სხეულის ფიზიკას, მყარი სხეულების ფიზიკის სპეციალისტებმა;

-       თუ კვანტურ რადიოფიზიკას, კვანტური რადიოფიზიკის სპეციალისტებმა;

-       თუ სამედიცინო ფიზიკას, სამედიცინო ფიზიკის სპეციალისტებმა.

-       თუ ყველა ჩამოთვლილ მიმართულებას განავითარებს, მაშინ ჯერ უნდა მოხდეს განხილვა ყველა მიმართულებების სპეციალისტების მონაწილეობით და შემდეგ კანონპროექტის ფიზიკური ნაწილის შეჯერებულ-შეთანხმებული შეფასება.

-       თუ კანონპროექტით ტექნოლოგიების განვითარება იგეგმება, მაშინ ჯერ უნდა გაირკვეს, რა მიმართულების ტექნოლოგიებზეა ლაპარაკი და შემდეგ მოხდეს შესაბამისი მიმართულების ექსპერტების მიერ პროექტის შეფასება.

ამ პროექტის გარდა საქართველოში მეცნიერების და ტექნიკის განვითარების სერიოზული პროექტია საჭირო და ეს ყოველდღიურ დაძაბულ მუშაობას მოითხოვს და არა მხოლოდ ერთი კანონპროექტის მიღებას.

 

3.  დასკვნა:

წარმოდგენილ კანონპროექტში და თანდართულ დოკუმენტებში არ ჩანს:

-       რამდენ ხანში რა ეტაპები იქნება გავლილი,

-       როგორი მოწყობილობა და რა კვლევები იგეგმება,

-       როგორია სახელმწფო ბიუჯეტიდან ასიგნებული და ინვესტორების წილი პროექტის საფინანსო უზრუნველყოფაში და რა წესით მოხდება მისი განკარგვა.

ასე პროექტის შეფასება შეუძლებელია და თუ მხოლოდ ისაა ცნობილი, რაც გამოქვეყნდა,  ეს ჯერ პროექტი არაა, უბრალოდ იდეაა.

არასერიოზულია ამაზე მსჯელობა. ისევე როგორც 200 000 000 ევროს ბიუჯეტიდან გამოყოფა.

თუ პროექტს მთლიანად კერძო ინვესტორი აფინანსებს, შესანიშნავი ამბავია, მისასალმებელი და სასიხარულო, მაგრამ ამ დროს ბუნებრივია იბადება კითხვა: რა საჭიროა კერძო ინვესტიციის განსახორციელებლად ახალი საკანონმდებლო ნორმატიული აქტი?

ამიტომ ჯერ ვერაფერს ვიტყვით - წარმოდგენილი მასალები აშკარად არაა საკმარისი.

მიგვაჩნია, რომ ოპტიმალურია ამ საფეხურზე კანონპროექტი დაუბრუნდეთ წარმომდგენთ  დაკონკრეტების მოთხოვნით.

 

პატივისცემით,

ბესარიონ საღარაძე

14-09-2015, 12:54
უკან დაბრუნება