ივერიონი / დავით უსუფაშვილი: საქართველოს პარლამენტის მუშაობა არის უფრო გამჭვირვალე, ვიდრე ოდესმე

დავით უსუფაშვილი: საქართველოს პარლამენტის მუშაობა არის უფრო გამჭვირვალე, ვიდრე ოდესმე

საქართველოს პარლამენტის მუშაობა არის მნიშვნელოვნად უფრო გამჭვირვალე, ვიდრე ოდესმე, მაგრამ ამას კიდევ მეტი ყურადღება სჭირდება, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა, რომელიც პარლამენტში მიმდინარე ღია მმართველობის პარტნიორობის საკანონმდებლო ღიაობის სამუშაო ჯგუფის კონფერენციას ესწრება.

 

"ხედავთ, მსოფლიოს 32 ქვეყნის პარლამენტის წარმომადგენლები არიან აქ, მათ შორის დიდი ბრიტანეთიდან, ამერიკიდან, საფრანგეთიდან და სხვა განვითარებული ქვეყნებიდან. მათი აქ ყოფნა ნიშნავს არა იმას, რომ მათი პარლამენტები გაუმჭვირვალეა, არამედ იმას, რომ ამ თემას მუდმივი ყურადღება სჭირდება, მუდმივი ყურადღება სჭირდება ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტი არის მოწინავეთა რიგებში,  პარლამენტში შექმნილია ინტერფრაქციული ჯგუფი, რომელშიც ყველა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელია შესული.

 

"პარლამენტის ღიაობა, მეტი კავშირი მოსახლეობასთან, ეს არის ყველა პოლიტიკური ძალის ამოცანა. ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური 18-პუნქტიანი გეგმა, რომელიც მომავალი წლის ბოლომდე უნდა შევასრულოთ", - განაცხადა უსუფაშვილმა.

14-09-2015, 13:15
უკან დაბრუნება