საქართველომ რევოლუციებზე უარი თქვა და უკვე დიდი ხანია, განვითარების ევოლუციის გზით მივდივართ, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში, ღია მმართველობის პარტნიორობის საკანონმდებლო ღიაობის სამუშაო ჯგუფის საერთაშორისო კონფერენციაზე.
"ძალიან სიმბოლურია და მიხარია ძალიან, რომ ეს შეხვედრა სწორედ ამ ისტორიულ შენობაში ტარდება. ეს ის შენობაა, სადაც ძალიან ბევრი ისტორიული, პოლიტიკური მოვლენა მომხდარა. ეს ის შენობაა, რომელმაც ნახა საქართველოს დამოუკიდებლობა, ეს ის შენობაა, რომელმაც ნახა რევოლუციები, მაგრამ საქართველომ უარი თქვა რევოლუციებზე და უკვე დიდი ხანია, განვითარების, ევოლუციის გზით მივდივართ.
როგორც ღია მმართველობის პარტნიორობის მმართველი კომიტეტის წევრმა, მინდა გითხრათ, რომ ღია მმართველობის პარტნიორობა ევოლუციის პროცესში ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამ ქვეყანაში. უპირველესად, მინდა ჩვენს დეპუტატებს, საქართველოს პარლამენტს მივულოცო ის, რომ სწორედ აქ, თბილისში ხდება საკანონმდებლო ღიაობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. ეს საშუალებს გვაძლევს, უამრავი ქვეყნის წარმომადგენელი საქართველოში ჩამოვიდეს და საკუთარი თვალით ნახოს, რომ ჩვენ არა მხოლოდ გადაწყვეტილებებს ვიღებთ, არამედ გადაწყვეტილებებს ვიღებთ ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად", -- განაცხადა თეა წულუკიანმა.