გლობალიზაციის, ინტერნეტის, სხვა ტექნოლოგიური რევოლუციების საუკუნეში წარმომადგენლობითი დემოკრატიის ტრადიციული ფორმები საკმარისი აღარ არის, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, რომელმაც დღეს პარლამენტში, ღია მმართველობის პარტნიორობის საკანონმდებლო ღიაობის სამუშაო ჯგუფის (OGP LOWG) საერთაშორისო კონფერენცია გახსნა.
"21-ე საუკუნეში გლობალიზაციის, ინტერნეტის, სხვა ტექნოლოგიური რევოლუციების საუკენეში წარმომადგენლობითი დემოკრატიის ტრადიციული ფორმები საკმარისი აღარ არის. აღარ არის საკმარისი ის, რომ ჩვენ 4-5 წელიწადში ერთხელ მოსახლეობასთან გავიდეთ და არჩევნები ჩავატაროთ – მივიღოთ მოსახლეობის მანდატი და მერე ვმართოთ ქვეყანა. აუცილებელია მოვახდინოთ რევოლუციური გარდაქმნები მოსახლეობასა და საკანონმდებლო ორგანოში მათ წარმომადგენლებს შორის ურთიერთობაში. ეს ურთიერთობა უნდა იყოს ყოველდღიური, ორმხრივი და სათანამშრომლო. ამას სერიოზული ძალისხმევა სჭირდება. სწორედ ამიტომ ღია მმართველობის პარტნიორების ინიციატივაში ძალიან მალე საკანონმდებლო ღიაობის სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელსაც ჩილეს კონგრესის და "ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის" წარმომადგენლები ხელმძღვანელობენ. საქართველო ამ პროცესის ამაყი მონაწილეა, არის ღია მმართველობის პარტნიორების მმართველი კომიტეტის წევრი", - განაცხადა უსუფაშვილმა კონფერენციაზე.
მისივე თქმით, ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივაში საქართველოს პარლამენტის მთავარი პარტნიორი სამოქალაქო საზოგადოებაა.
"ჩვენ, პარლამენტარები, მთავრობის წარმომადგენლები არ ვიკრიბებით ცალკე და არ ვმსჯელობთ იმაზე, როგორ მოვახერხოთ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობა. ჩვენ უარი ვთქვით ამ მიდგომაზე და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად ვმსჯელობთ ყველა ამ საკითხზე. საქართველოს შემთხვევაში ეს ძალიან წარმატებული პრაქტიკაა. სამოქმედო გეგმა დიდწილად შემუშავებულია ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების და სამოქალაქო აქტივისტების იდეებზე, მათი შეხედულებების და მათი რეკომენდაციების საფუძველზე", - განაცხადა უსუფაშვილმა.