კახელების ულტიმატუმი დღეს იწურება _ თუ შეთანხმება ვერ შედგა, ისინი „ყურძნის რევოლუციით“ იმუქრებიან!!!
სხვა საკითხია, რამდენად იმსახურებენ ჩვენგან თანაგრძნობას კახელი გლეხები, მაგრამ ის ფორმა, რაც მათ ხელისუფლებასთან საურთიერთობოდ აირჩიეს, ნამდვილად მოუღებელია...
„კახურ ბუნტზე“ ქართულ მედიაში და სოციალურ ქსელში ძალიან ბევრი ითქვა და დაიწერა - ბუნებრივია, განსხვავებულია შეფასებებიც, მაგრამ ერთი რამ ცხადია _ მევენახეთა ულტიმატუმს მართული პროცესის ბეჭედი აზის, რაც ქვეყანაში დაძაბული ვითარების კიდევ უფრო გამწვავებას უწყობს ხელს!
დავიწყოთ იქიდან: ვალდებულია თუ არა ხელისუფლება მოახდინოს ყურძნის სუბსიდირება და ამით მძიმე დარტყმა მიაყენოს ისედაც მწირ სახელმწიფო ბიუჯეტს?!
საბაზრო ეკონომიკა ეკონომიკაში სახელმწიფოს უხეშ ჩარევას (მკაცრ კონტროლს) არ ითვალისწინებს, აქედან გამომდინარე, მის პრეროგატივაში არ შედის ყურძენზე ფასწარმოქმნაც, რასაც ასე დაჟინებით მოითხოვენ აბუნტებული (მართული) მევეახეები... მართალია, სახელმწიფო ეკონომიკის რეგულირებისგან საერთოდ ვერ გაიქცევა, მაგრამ არაგეგმიური ეკონომიკის პირობებში მისი ფუნქცია უფრო გასაღების ბაზრის გარანტიების შექმნაა, ვიდრე, ჭარბი პროდუქციის (ნედლეულის) სუბსიდირება!..
როგორც ვთქვი, „ბუნტოვშიკები“ ხელისუფლების უმაღლეს პირებთან შეხვედრას ითხოვენ, სურვილის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კი სერიოზული დაპირისპირებით („ყურძნის რევოლუციით“) იმუქრებიან.
შეიძლება დღევანდელი ხელისუფლების მიმართ სერიოზული პრეტენზიები გქონდეს, განსაკუთრებულად ეკონომიკურ ასპექტში, მაგრამ კახელ მევენახეთა ულტიმატუმს ადექვატურად უნდა უპასუხოს. მათი საქციელის გასამართლებლად ვერც წინასაარჩევნო დაპირებების გახსენება გამოდგება - რაც თავი გვახსოვს, ნებისმიერი პოლიტიკური პარტია სწორედ ლამაზი დაპირებებით მოსულა ხელისუფლებაში, მაგრამ ამ დაპირებების არათუ ნახევარი, არამედ, მესამედიც არ შეუსრულებია.
მითუმეტეს, 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩვეულებრივისგან იმით გამოირჩეოდა, რომ მთავარი მიზანი „ნაციონალური რეჟიმის“ დამარცხება იყო და მაშინ არავინ ფიქრობდა იმაზე, როგორი გუნდისგან შეკოწიწებული ხელისუფლება ეყოლებოდა ქვეყანას, რადგან ყველა დარწმუნებული იყო იმაში, რომ „ნაციონალებზე“ უარესი არ იქნებოდა!..
ახლა, რაც შეეხება დაპირებებს: მართალია, ივანიშვილმა საკმაოდ „მსუყე ვექსილები“ გასცა, მაგრამ, ეს მაშინ საჭირო იყო იმისთვის, რომ ხალხს შიშის გრძნობა გადაელახა და უკეთესი მომავალი ერწმუნა (იმდენად დათრგუნული იყო საზოგადოება, რომ სხვა ლოზუნგებით სასურველ შედეგს ვერც მივიღებდით)!
ამ ფონზე პროვოკაციულად ჟღერს „აბუნტებულ“ მევენახეთა მოთხოვნა, რომ წინასაარჩევნო დაპირებებზე პასუხი ივანიშვილმა უნდა გასცეს _ მათი განცხადებებით, რადგან ივანიშვილი მათ შეპირდა, რომ ყურძნის ფასი ლარზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო, კეთილ ინებოს და საკუთარი კაპიტალიდან შეავსოს დანაკლისი.
არა, ბატონებო! ივანიშვილი არ არის ვალდებული წინასაარჩევნო დაპირება საკუთარი ფულით აანაზღაუროს, მითუმეტეს, კახელებს მასზე საყვედური არ ეთქმის. უმადურობა კი ძალიან ცუდი თვისებაა და ადამიანს (ადამიანებს) ასევე ცუდად უბრუნდება!
კიდევ ვიმეორებ: ხელისუფლებამ გლეხებს გასაღების ბაზარი უნდა შეუქმნას და მთელი აქცენტი ამაზე უნდა იყოს გადატანილი, თორემ, ყურძენს უფრო ძვირად ვერ ვყიდი და ზარალი შენ უნდა დამიფაროო, სადაური წესია საბაზრო ეკონომიკის პირობებში? სხვა რეგიონებმა რა დააშავა?!
საკმაოდ სასაცილოა პროვოკატორების ულტიმატუმი, რომ თუ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, „სეტკას“ შემოავლებენ და რუსეთს შეუერთდებიან“.
გვესმის, რუსეთი რომ არის ქართული ღვინის გასაღების ერთადერთი გარანტირებული ბაზარი (თუმცა, ხარისხზე მოთხოვნა იქაც გამკაცრდა), მაგრამ, თუ მისი სახით მხოლოდ მტრის ხატს შევქმნით და სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის დარეგულირებაზე არ ვიზრუნებთ, რანაირად შევძლებთ ამ ბაზრის ათვისებას?
რაც შეეხება „სეტკის შემოვლებას“, ნურას უკაცრავად, ასეთი პროვოკაციები (ასეთი ლოზუნგები) ჩანასახშივე უნდა აილაგმოს!!!
მინაწერი: უფრო სერიოზული დანაშაულია, როცა კახელი გლეხი ვაზის აჩეხვით იმუქრება. ამაზე დიდი დაცემა ქართველი კაცისთვის ალბათ არ შეიძლება. ვაზი მარტო კულტურა არ არის, იგი ჩვენი სავიზიტო ბარათი და ტრადიციული ელემენტია, რომელსაც სათუთად გაფრთხილება სჭირდება. აქედან გამომდინარე, არათუ მისი გაჩეხვა, არამედ ამის გაფიქრებაც კი საშინელი ცოდვაა!!!
და კიდევ: ვიდრე გასაღების გარანტირებული ბაზარი არ იქნება, ახლის გაშენებაზე თავი უნდა შევიკავოთ, არსებულს კი შვილივით მოვუფრთხილდეთ. ასე იქცეოდნენ ჩვენი წინაპრები!