პრემიერ-მინისტრი მიუხედავად იმისა, რომ იზრუნოს პრობლემის მოგვარებაზე და გაჭირვებული ადამიანების დახმარებაზე, პოლიციას ავალებს გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დაკავებას, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა დავით ბაქრაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება გურჯაანში აქციის მონაწილეების მისამართით იყო გამაოგნებელი.
"პრემიერ-მინისტრმა მიუხედავად იმისა, რომ იზრუნოს პრობლემის მოგვარებაზე და გაჭირვებული ადამიანების დახმარებაზე, პოლიციას ავალებს გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დაკავებას მხოლოდ იმისთვის, რომ დეპუტატი ასრულებს თავის მოვალეობას და ის ხალხის გვერდით დგას. გიორგი ღვინიაშვილი გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი შეასრულებს თავის მოვალეობას და იდგება კახელი გლეხების გვერდით განსხვავებით "ქართული ოცნების" მინისტრებისგან, განსხვავებით "ქართული ოცნების" დეპუტატებისგან და გუბერნატორებისგან, რომლებსაც არჩევნების შემდეგ თვეობით არ ჩაუკითხებიათ სოფლებში და საერთოდ არ აღელვებთ ის პრობლემები, რომელიც ხალხს აქვთ საქართველოში. განსხვავებით მათგან გიორგი ღვინიაშვილიც და თითოეული ჩვენგანიც ვიდგებით მათთან და ხალხის გვერდით ყოველთვის სადაც იქნება მათი საჭიროება", - განაცხადა ბაქრაძემ.
მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" მიზანი არ არის რთველის პოლიტიზირება.
"ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ვიდგებით ხალხის გვერდით ყველგან სადაც ხალხს მოატყუებენ და მათ ექნებათ პრობლემა. ის ადამიანი, რომლებიც იქ შეიკრიბნენ, ეს არ არის 20-30 პროვოკატორი, როგორც მათ უწოდა პრემიერმა, ეს ადამიანები არიან ათასობით კახელი გლეხი, რომელთა უკანაც დგას ათიათასობით კახელი გლეხი, რომელთაც უკანაც დგანან ოჯახები. ამ მთავრობის მოტყუებული ოჯახი, ის ოჯახები, რომელსაც დაპირდნენ, რომ ყურძნის მინიმალური ფასი იქნებოდა ერთი ლარი და დღეს არის 60 თეთრი. ის ოჯახები, რომელსაც დაპირდნენ, რომ რუსულ ბაზარს გახსნიდნენ, პრობლემა აღარ ექნებოდათ და სოფელი აშენდებოდა, დღეს გლეხი ვერ აბარებს მოსავალს. ის ათიათასობით ოჯახი, რომელიც დღეს უფრო მეტ გაჭირვებაშია, უფრო მეტ სიღარიბეში ცხოვრობს ამ მთავრობის პოლიტიკის შედეგად. მინდა მოვუწოდო მთავრობას, დაანებოს თავი პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლას და თუ რამე შეუძლია ხალხს მიხედოს და გააკეთოს ყველაფერი, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მიიღოს ის თანხა, რომელსაც ეს ხელისუფლება პირდებოდა 2 წლის წინ, ეს იყო მინიმუმ 1 ლარი და ეს იყო არაერთ საჯარო გამოსვლაში", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.