ივერიონი / კახა კახიშვილმა ახალი სასწავლო წლის დაწყება არასრულწლოვან მსჯავრდებულებს მიულოცა

კახა კახიშვილმა ახალი სასწავლო წლის დაწყება არასრულწლოვან მსჯავრდებულებს მიულოცა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა ახალი სასწავლო წლის დაწყება არასრულწლოვან მსჯავრდებულებს მიულოცა.

 

კახიშვილი #11 სარეაბილიტაციო დაწესებულებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან თამარ სანიკიძესთან ერთად ესტუმრა. 

 

მინისტრები სასწავლო პროცესს დაესწრნენ, პედაგოგებს შეხვდნენ  და  დაწესებულების ბიბლიოთეკა, ასევე, კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილი ოთახი დაათვალიერეს.

 

კახა კახიშვილი მსჯავრდებულებს პირადად გაესაუბრა და მათი საჭიროებების შესახებ  ინფორმაცია მოისმინა. მინისტრმა #11 სარეაბილიტაციო დაწესებულებაში განთავსებულ არასრულწლოვნებს, რომლებიც სხვა საგნებთან ერთად, ინგლისურ ენასაც ეუფლებიან, სურვილის შემთხვევაში, ჩინური ენის შესწავლის პროგრამაში ჩართვაც შესთავაზა.

 

"ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, განსაკუთრებით ბავშვობის ასაკში. შესაბამისად, ვისაუბრეთ მათთან, რომ ფარ-ხმალი არ დაყარონ, ცხოვრებაში არავინ არაფრისგანაა დაზღვეული.  ძალიან მნიშვნელოვანია სწავლის ის ფუნდამენტი, რომელსაც აქ იღებენ. ამიტომაც, ვთხოვ ბავშვებს, იმის მიუხედავად, რომ სარეაბილიტაციო დაწესებულებაში არიან, სწავლისთვის დრო  მაქსიმალურად გამოიყენონ, რადგან როცა აქედან გავლენ, შესაბამისი ცოდნა ჰქონდეთ. ჩვენი მხრიდან ისინი ყველა საჭირო საგანმანათლებლო პროგრამით იქნებიან უზრუნველყოფილნი", - განაცხადა კახა კახიშვილმა.

 

სწავლის დაწყება #11 დაწესებულებაში მყოფ არასრულწლოვან მსჯავრდებულებს განათლების მინისტრმაც მიულოცა.

 

"მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყო სასწავლო წელი, მათ შორის არასრულწლოვანთა  სარეაბილიტაციო დაწესებულებაშიც, სადაც 123-ე საჯარო სკოლა ფუნქციონირებს. მქონდა

შესაძლებლობა შევხვედროდი აღნიშნული სკოლის მოსწავლეებს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი სხვადასხვა მიზეზით არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში იმყოფებიან,  მნიშვნელოვანია, რომ განათლებაზე ხელი მიუწვდებათ, ეს მათი უფლებაა. ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას და წარმატებებს ვუსურვებ", - განაცხადა თამარ სანიკიძემ. 

15-09-2015, 10:49
უკან დაბრუნება