ექსპერტი გია ხუხაშვილი ქართული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ დღევანდელი დეპუტატების დაახლოებით 90 პროცენტი მომავალ პარლამენტში არ უნდა იჯდნენ!
საუბარია კოალიცია „ქართული ოცნების“ დეპუტატებზე, რომლებმაც განვლილ სამ წელიწადში საკუთარი თავი პრინციპულობითა და სახელმწიფოებრივი ხედვით ვერ დაგვამახსოვრეს - მეტიც, მათ კისერზეა ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი კანონების თუ ინიციატივების (რომლებიც ჯერ დაკანონებული არ არის) მიღება, რომელიც „შავ ლაქად“ დარჩება საქართველოს ისტორიაში.
მართალია, ხელისუფლებამ „საკადრო წმენდა“ დააანონსა, მაგრამ არ დაუკონკრეტებია: ვის შეეხება ეს „წმენდა“ _ პარტიულ აქტივისტებს, საჯარო მოხელეებს თუ მოქმედ პარლამენტარებსაც!
„ქართული ოცნებას“ სტატუს-კვოს შენარჩუნებისთვის ახალი სახეები რომ სჭირდება, ეს საკამათო არ არის, უფრო საინტერესოა, ვისზე გააკეთებს იგი სწორებას და რა კრიტერიუმებით შეირჩევიან ახალი აქტივისტები თუ ახალი სახეები...
კულუარებში ამბობენ, რომ „წმენდა“ მართლაც იწყება, მაგრამ ხარისხს ყურადღება არ ექცევა, ანუ, შეიძლება ალხანა _ ჩალხანათი ჩანაცვლდეს. განსაკუთრებით ამაზე აპელირებენ რაიონებში, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს და ყველამ ყველაზე ყველაფერი იცის!
ადგილებიდან მოდის ინფორმაცია, რომ აქცენტი ისევ ყოფილ „ნაციონალებზე“ კეთდება, რაც საზოგადოების კანონიერ უკმაყოფილებას იწვევს - მათ კარგად ახსოვთ „ნაცების“ ზეობის პერიოდში, განსაკუთრებით წინასაარჩევნო ბატალიების დროს ვინ როგორ „სუნთქავდა“ და როგორი უშრობდნენ სისხლს „ქართული ოცნების“ აქტივისტებს.
დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი ხელისუფლებაც, როგორც მისი წინამორბედნი, არ წყალობს პროფესიონალებს - განსაკუთრებით იმათ, ვინც კანონიერად აკრიტიკებს და გამოსავალს მხოლოდ სისტემურ ცვლილებაში ხედავს, რომლის ნებას ჯერჯერობით „ქართული ოცნება“ არ ამჟღავნებს!
წინასაარჩევნო კამპანიის დაწყება კი გვიჩვენებს, აქვს თუ არა სურვილი მოქმედ ხელისუფლებას არსებითად შეცვალოს სახელმწიფოს მართვის სტრატეგია და ორიენტაცია სისტემურ ცვლილებებზე აიღოს, რომლის მიღწევა სათანადო (პროფესიონალური) საკადრო რესურსის გარეშე შეუძლებელია.
„ქართული ოცნებისთვის“ მთავარი ტესტი სწორედ მის მიერ დაანონსებული „საკადრო წმენდა“ იქნება, რომელიც არა მარტო პარტიული იერარქიას, არამედ მომავალი საპარლამენტო კანდიდატების შერჩევის პრინციპსაც უნდა დაეყრდნოს!..
თუ სოსო ცინცაძის ნათქვამს გავიზიარებთ, ივანიშვილი მარსიდან და მთვარიდან ვერ ჩამოიყვანს „ახალ“, რაფინირებულ პოლიტიკოსებს, მაგრამ ძველმა რომ არ გაამართლა, ფაქტია. სხვანაირად არც იყო მოსალოდნელი, რადგან გუნდის ფორმირება არა პროფესიონალიზმის, არამედ სპონტანურად მოხდა და შედეგიც ის მივიღეთ, რაც უნდა მიგვეღო!..
მიუხედავად იმისა, რომ პოლირიკურ ავანსცენაზე ახალი პოლიტიკური ძალები ჯერ არ გამოჩენილა, ხალხი ცოტათი „დაბრძენდა“ (როგორ უყვართ გამოთქმა „ხალხი ბრძენია“) და დახავსებულ, კორუმპირებულ, საკუთარ კომფორტზე დაგეშილ ადამიანებს უკვე აღარ მიიღებს!
აქედან გამომდინარე, სახელს და გვარს არ დავასახელებ (როგორც იტყვიან, კოლმეურნეობის თავმჯდომარისა არ იყოს), მაგრამ მომავალი არჩევნების პოტენციურ დირიჟორს სერიოზული დაფიქრება მოუწევს _ რა თქმა უნდა, ეს საგრძნობლად მტკივნეული პროცესი იქნება, მაგრამ ბალასტისგან უნდა განთავისუფლდეს, უპირველესად უნდა შეელიოს პირმოთნე ლაქიებს, რომლებსაც გარდა პირადი კეთილდღეობისა, სხვა არაფერი აინტერესებთ.
თუმცა, ახალი სახელი და გვარი ახალ სახეს ნამდვილად არ ნიშნავს, თუ თვისობრივი განსხვავებაც არ იქნე გათვალისწინებული.
ერთი სიტყვით, „წმენდა“ არა წმენდისათვის!!!
ანდრია ლისაშვილი