ივერიონი / გიორგი ბუნდოვანი: რატომ „ვიჯექი“ ციხეში უდანაშაულოდ 3 საათი?!

გიორგი ბუნდოვანი: რატომ „ვიჯექი“ ციხეში უდანაშაულოდ 3 საათი?!

მინდა გაგიზიაროთ ჩემი  შთაბეჭდილებები, რომელიც გლდანის ციხეში ყოფნისას განვიცადე.  ეს დღე იყო ემოციურად ძალიან დატვირთული, უკიდურესად მნიშვნელოვანი დღე ჩემთვის!

 

15.09.2015. წელი. პირველად ჩემს ცხოვრებაში შევედი ციხეში! მამა გურამ ოთხოზორიას ინიციატივითა და მეცადინეობით, ქალბატონ ნაირა გელაშვილთან და ქალბატონ თეა გალდავასთან ერთად! 

 

თანაც სად? რომელ ციხეში? ესაა მთავარი! _ გლდანის ცნობილი ციხის, ყველაზე დახურულ ფლიგელში! უვადო პატიმრებთან!!

 

 

ამ შეხვედრას მამა გურამი  ჯერ კიდევ ზაფხულამდე გეგმავდა და ამზადებდა! 

საქმე იმაშია, რომ „კავკასიურმა სახლმა“ მისი დირექტორის, მწერალ ნაირა გელაშვილის ინიციატივით, რამდენიმე თვის წინ, აწ უკვე თითქმის ყველასათვი სცნობილი - „უვადო პატიმრის წერილი“, პერიოდულ ჟურნალში „აფრა“ დაიბეჭდა (ერთი სიტყვაც კი არ შეცვლილა, ორიგინალიდან!).

 

მახსოვს, ნაირასთან კაბინეტში ვიყავით შეკრებილები ერთხელ, როცა კავკასიურის თანამშრომლებს, მამა გურამმა ხმამაღლა წაუკითხა, უვადო პატიმრის - გიორგის ეს უნიკალური, ძალიან ბევრის მთქმელი წერილი, მისდამი, ანუ პირადად მამაოსადმი!  გაფაციცებით და გაოგნებით ვუსმენდით ყველანი...

 

მანამდე კი, უნივერსიტეტ  „სეუში“,ორგანიზაცია „დავითიანნის“ ინიციატივით მოწყობილ შეხვედრაზე მამა გურამმა ეს წერილი სტუდენტებს გააცნო. მაშინაც სტუდენტების გაცისკროვნებული და ანთებული სახეები უნდა გენახათ!...  სულ მალე,  ინტერნეტში ამ მასალამ  უდიდესი პოპულარულობა მოიპოვა და გადაზიარებულ იქნა ასობით სხვადასხვა ბლოგებსა თუ საიტებზე! დიახ, წერილმა დიდი გავლენა და სულიერი გარდატეხები მოახდინა უამრავ ადამიანზე!..

 

მამაოსგან ბევრჯერ მსმენია, რომ ყველა პატიმრებისგან აშკარად გამორჩეულნი, ზუსტადაც რომ უვადო პატიმრები არიან! (მამა გურამი, აბსოლუტურად უანგაროდ, ლამის  დღე და ღამ დაიარება უამრავ სხვადასხვა ციხეში, საქართველოს მასშტაბით და ხვდება უამრავ პატიმარს, როგორც ქალებს, ასევე მამაკაცებს, არასრულწლოვნებს, ავადმყოფებს). რომ უვადო პატიმრების მსგავსი მოწესრიგებული, გაწკეპილი, წესიერი და სულიერად აღზევებული კონტიგენტი ლამის გარეთაც არ უნახავს... რომ თავისი ღვაწლისა და შრომის რეალურ შედეგს ზუსტად ციხეებში ხედავს!  ნანახმა მართლა ყველაფერს გადააჭარბა!! აუცილებელი, ციხის უმკაცრესი სტრუქტურისთვის დამახასიათებელი ყველა პარამეტრით დათვალიერებისა და შემოწმებების მერე, გლდანის ციხის რამოდენიმე თანამშრომელი ციხის უფროსის კაბინეტში შეგვიძღვა. იგი გვიყვებოდა გლდანის ციხის სტრუქტურაზე, პირობებზე, პატიმრებისთვის განხორციელებულ არაერთ, ძალზედ მნიშვნელოვან და სასარგებლო  პროგრამებსა თუ პროექტებზე... განსაკუთრებით მომხიბლა იმ ფაქტმა, რომ გლდანის ციხეში მედიცინა უმაღლეს, სუპერ-თანამედროვე დონეზე დგას! ასევე კვება, სისუფთავე, ჰიგიენა...

 

... როგორც იქნა მივადექით ყველაზე დახურულ კორპუსს, კორპუსს, სადაც უვადო პატიმრები არიან!  გავიარეთ რამდენიმე, შედარებით მცირე ბარიერი და შემოწმება და მივადექით უვადოების განყოფილებას, სადაც თურმე უკვე კაიხანია, საკლასო ოთახში საგანგებოდ გამორჩეული, 15 უვადო პატიმარი გველოდებოდა (იმ, ყველასათვის ნაცნობი გიორგის თამადობით)! რა სიხარულით შეგვხვდნენ, უნდა გენახათ! რა სახეები აქვთ! სინათლე, სიმშვიდე და რწმენა ასხივებს მათი თვალებიდან და ბაგეებიდან! მათთვის, ხომ, როგორც ყველაზე მკაცრი და ჩაკეტილი სისტემის ბინადართათვის, ყოველი ადამიანის სტუმრობა, ენით აუწერელი ზეიმის ტოლფასია!! (ამჟამად, სულ საქართველოში 72 უვადო პატიმარი ყოფილა!..)! 

 

ე.წ. „საკლასო ოთახში“ მერხები იდგა  და  კედელზე დაფა ეკიდა. ისინი მერხებს შემოუსხდნენ, ჩვენ კათედრასთან გაგვანაწილეს და დაიწყო მათთვის და ჩვენთვისაც, დიდი ხნის ნანატრი შეხვედრაც! 

 

ქალბატონმა ნაირა გელაშვილმა ძალიან საინტერესოდ და ამომწურავად ისაუბრა, როგორც საკუთარ შემოქმედებაზე, ასევე მის დამოკიდებულებაზე ციხეების და კერძოდ უვადო პატიმრების მიმართ! გადავეცით საჩუქრად მოტანილი წიგნები, რამაც მათში დიდი სიხარული და ინტერესი გამოიწვია. მე და ქალბატონმა ნაირამ საკუთარი ლექსებიც წავიკითხეთ. უნდა გენახათ, როგორ თბილად, დიდი მონატრებით და აუწერელი სიხარულით შეხვდნენ მამა გურამს...  ჩემთვის უმთავრესი  გიორგის გაცნობა იყო...  შეხვედრისას, მისმა ნათელმა სახემ, დიდმა სიყვარულმა და დიდი, ღრმა რწმენის შეგრძნებამ,  მისი სულიერი სიღრმე ნათლად დამანახა და დამიდასტურა! პატიმარებმა წაგვიკითხეს საკუთარი ლექსები, მოგვიყვნენ თავიანთ პირად ადამიანურ ტრაგედიებზე. დღეს ყველა (აბსოლუტურად ყველა) რწმენაშია, აქვთ სალოცავი კუთხე, პირადი ტიპიკონიც კი... იგრძნობოდა, რომ სინანულში იმყოფებიან...

 

...ჩვენი გიორგი კი 29 წლისაა, ულამაზესი ყმაწვილია, უსათნოესი გამომეტყველებით! ვგრძნობდი გაფაციცებული უსმენდა მწერალს, როგორ ისრუტავდა ხარბად, მწერლის ყოველ სიტვას... 

 პატიმრებმა ბევრი ისაუბრეს თავიანთ სერიოზულ, იურიდიულ თუ სულიერ პრობლემებზე, თავიანთ გადაუხედავ საქმეებზე და ოჯახებზე _ ზოგი 20 წელია უკვე რაც იხდის სასჯელს, ზოგი 15, ზოგი 12 და ზოგიც 10... (რაოდენ ტრაგიკულია, რომ უვადო პატიმარს არცერთი სახის და კატეგორიის შეწყალება თუ სხვა შეღავათები არ ეხება!). 

 

აღსანიშნავია, რომ ბევრმა მათგანმა ზედმიწევნით იცის კონსტიტუცია და ყველა კანონმდებლობა! იკვლევენ და იბრძვიან თავისი უფლებებისთვის და არ კარგავენ იმედს, რომ ოდესმე, როდესღაც მაინც, რამე ამნისტია ან შეღავათი შეეხებათ და ეღირსებათ გარეთ გასვლა! 

 

ყველამ ერთხმად დავადასტურეთ, საუბრისას, რომ ტერმინი: - „უვადო პატიმარი“ შესაცვლელია! რომ მხოლოდ ეს სიტყვათა წყობა, უკვე ღუპავს, უკლავს ყოველგვარ იმედს ადამიანს! 

 

მათი აზრით ნიშანდობლივია, უფლებათა დაცვის ორგანიზაციები, სხვადასხვა სპეციალობის ადამიანები, ხელოვანები თუ მსახიობები, სასულიერო პირები თუ საზოგადო მოღვაწეები, სტუმრობენ მათ და ეს შეხვედრები მათთვის ჟანგბადივითაა!

 

დამშვიდობება იყო ცრემლებით, უთბილესი ჩახუტებით, მოფერებით, მამაოს ჩვენგანისადმი დაუშრეტელი სიყვარულისა და მადლიერების უანგარო გამოვლენით!! ჩვენ წამოვედით ყველანი, ავსებულები, შევსებულები და გამდიდრებულები! იმედებით, რომ ყველაფერს ვიღონებთ, მათი უფლებების დასაცავად, პირობების კიდევ მეტად გასაუმჯობესებლად! რადგანაც ვინც პატიმრებს ეხმარება, ანუგეშებს, ის უფლის გასაკეთებელს აკეთებს. ამინ!..

 

P.S. მართალია, საკმაოდ დამძიმებულნი წამოვედით, ეს ბუნებრივია... მათ ხომ ყველას გარეთ ჰყავთ ოჯახები - ზოგს თურმე უკვე მშობლები დაეხოცათ დარდით, ზოგს ოჯახები დაენგრათ, ზოგს შვილები ეზრდებათ და 15 წელზე მეტია არ უნახავთ... მოკლედ დიდი, ადამიანური ტრაგედიებია - დიდი და მძიმე! თუმცა, ყოველ მათგანში ქრისტე ანათებს! ისინი უკვე არაა საზოგადოებისათვის საშიში! სულ სხვა პიროვნებებად აქცია ისინი უვადო პატიმრობამ, ციხემ, ლოცვამ, წიგნების კითხვამ, მარტოობამ...

 

 

16-09-2015, 18:25
უკან დაბრუნება