წელს პირველად ბოლო 8 წლის განმავლობაში "ნაციონალური მოძრაობა" 23 ნოემბერს _ გიორგობას აღარ იზეიმებს. როგორც ცნობილია, პარტია ამ დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით მრავალი ღონისძიებით აღნიშნავდა. არჩევნების წაგების შემდეგ "ნაციონალებმა" ზეიმი გადაიფიქრეს, ანუ თავადვე აღიარეს, რომ "ვარდების რევოლუცია" ერთი პარტიის რევოლუცია და გამარჯვება ყოფილა და მას საერთო-საყოველთაო ეროვნულ გამარჯვებასთან საერთო ნაკლები ჰქონია.
გაზეთი "რეზონანსი" დაინტერესდა, აპირებს თუ არა წელს "ნაციონალური მოძრაობა" პარტიული დღესასწაულის აღნიშვნას და ამ მიზნით, დედაქალაქის მერიას დაუკავშირდა. მერიის პრესასამსახურში აცხადებენ, რომ გასული წლების განმავლობაში აღნიშნულ ღონისძიებებს ცენტრალური ხელისუფლება აფინანსებდა და ამ ყველაფრის ორგანიზებასაც თავად ხელმძღვანელობდა.
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი მიხეილ მაჭავარიანი ამბობს, რომ გასულ წლებში "ვარდების რევოლუციის" წლისთავის აღნიშვნა საკმაოდ მოკრძალებულად მიმდინარეობდა და არც მე-9 წელი იქნება გამონაკლისი.
"კარგად მოგეხსენებათ, რომ 23 ნოემბერი საქართველოს ისტორიაში საკმაოდ მნიშვნელოვანი თარიღია. გარდა იმისა, რომ ქართველი ერი გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს, აგრეთვე თავის გამარჯვებასა და კეთილდღეობას აღნიშნავს. ეს დღე მეტად მნიშვნელოვანია ქართველი ერისთვის", _ ამბობს მაჭავარიანი.
პოლიტოლოგი დემურ გიორხელიზე კი აცხადებს, რომ "ვარდების რევოლუციის" წლისთავი სახალხო ზეიმი არც არასდროს ყოფილა და არც წელს იქნება.
"იმ უბედურებების გამო, რაც ამ წლების განმავლობაში მოსახლეობამ გადაიტანა, "ვარდების რევოლუციის" წლისთავი სახალხო ზეიმი ვერ იქნება. თუ თვითონ პარტიას ეზეიმება – იზეიმონ. "ნაციონალურ მოძრაობას" ქვეყნის აღორძინების ფანტასტიკური შესაძლებლობა ჰქონდა, მაგრამ მათ მმართველობას სიღარიბე და ცუდი შედეგი მოჰყვა. ახალმა ხელისუფლებამ "ვარდების რევოლუციის" წლისთავის აღნიშვნას ხელი რომც შეუწყოს, მერწმუნეთ, ხალხის რეაქცია იქნება ძალიან ნეგატიური. ეს დღე ყოველთვის "ნაციონალების" დღესასწაული იყო და არ ხალხის, რადგან არ შეიძლება ადამიანს სამსახური არ ჰქონდეს, მის ოჯახს უჭირდეს და იმ ხელისუფლების გამარჯვების დღეს ზეიმობდეს, რომელმაც იგი ამ მდგომარეობაში ჩააგდო", _ აცხადებს გიორხელიძე.