ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ ხელისუფლებას საკმაოდ მკაცრი ვერდიქტი გამოუტანა. მან ფეისბუქსტატუსში არაორაზროვნად განაცხადა, რომ „ხელისუფლება თვითლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა“.
ბუნებრივია, ეს განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომელმაც გიგი უგულავას 15-თვიანი პატიმრობა უკანონოდ სცნო და მისი დაუყოვნებლივ განთავისუფლება მოითხოვა.
დღეს გიგი თავისუფალია _ „ნაცმოძრაობა“ გამარჯვებას ზეიმობს, თუმცა, არავინ იცის, რამდენ ხანს გასტანს უგულავას ფანების ხბოს აღტაცება. მისი მხრიდან ციხის კედლების დატოვება ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ უგულავა საბოლოოდ მართლმსაჯულებას გაექცევა!
ვეთანხმები ბატონ გია ხუხაშვილს, რომ ეს რაუნდი „ნაცმოძრაობამ“ პოლიტიკურად მოიგო, რაც დღევანდელი ხელისუფლების უუნარობას კიდევ ერთხელ ადასტურებს! თუმცა, გადაჭარბებულია საზოგადოების მოლოდინი, რომ ამ „გამარჯვებით“ „ნაცები“ კიდევ უფრო გაძლიერდნენ და მომავალ არჩევნებში ტრიუმფით დაბრუნდებიან ხელისუფლებაში!
ლაგაზიძის სტატუსი გუშინვე დავაკომენტარე, რომელსაც ახლაც გავიმეორებ: დღევანდელი ხელისუფლების თვითლიკვიდაცია და „ნაცების“ ხელისუფლებაში მობრუნება თავისთავად ერის თვითლიკვიდაციასაც ნიშნავს, რასაც ნამდვილად არ ველოდები - ქართველი ერი დღეს მთვლემარე მდგომარეობაშია და აგონიიდან სწორედ ხელისუფლების ნებსითი (შეგნებული) თუ უნებლიე შეცდომებმა უნდა გამოიყვანოს!
ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოების ნდობა ვერ გაამართლა, არ ნიშნავს იმას, „ნაციონალები აუცილებლად უნდა დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. თუმცა, არც იმას უნდა ნიშნავდეს, რომ ჩვენ მუდმივად დაძაბულ („ნაციონალების“ შესაძლო „დაბრუნების“) რეჟიმში ვიცხოვროთ და არაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ უნიათო ხელისუფლებაც „ნაციონალების“ გზას გავუყენოთ!..
დიახ, ჩვენ არ გვინდა ჯოჯოხეთურ წარსულში დაბრუნება, მაგრამ არც მუდმივ სტრესში და გაუგებრობაში ცხოვრების მომხრე უნდა ვიყოთ!
ჯერ კიდევ როდის ამბობდნენ, რომ „ნაცები“ და „ქოცები“ ერთი მთელის ორი ნაწილიაო, ეს ფორმულირება კიდევ უფრო გაამყარა ერთი შეხედვით გარედან თავს მოხვეულმა კოჰაბიტაციამ, რომელსაც დღევანდელი ხელისუფლების ყველა არასწორი ნაბიჯი ბრალდებოდა...
რომ არაფერი ვთქვათ იმ ყბადაღებულ წინასაარჩევნო დაპირებებზე, სადაც ლომის წილი სამართლიანობის აღდგენაზე, დამნაშავე რეჟიმის (ეს წინასაარჩევნო ლოზუნგი იყო!) გასამართლებაზე და სახელმწიფოს ეკონომიკურ აღმავლობაზე კეთდებოდა, სრულიად საპირისპირო შედეგი მივიღეთ.
სამართლიანობის აღდგენას ვინ ჩივის, კოალიციამ ისიც ვერ მოინდომა (დიახ, ამის პოლიტიკური ნება არ აღმოაჩნდა), ხალხის ოპოზიციაში გადასული პრეზიდენტის საიმპიჩმენტო პროცედურა დაეწყო, რომ რეჟიმის დარჩენილი მამამთავრები კუთხეში მიყუჟულიყვნენ და კანონიერი სასჯელის მოლოდინში ყოფილიყვნენ. ისიც ვერ (თუ არ) გააკეთა, რომ, როგორც გამარჯვებული, ხალხის უპირობო მხარდაჭერას დაყრდნობოდა და სახელმწიფო სისტემა ყველა ოდიოზური ფიგურებისგან გაენთავისუფლებინა.
თუ სასამართლოს ზონდერ მოსამართლეთა მიერ გამოტანილი განაჩენები თავის დროზე კოტე კუბლაშვილს ბრალდებოდა, ლარის კურსის კატასტროფული დაცემა დღემდე გიორგი ქადაგიძის კისერზეა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ვერა და ვერ შეელია... და ეს ყველაფერი დღემდე დემოკრატიის „ერთგულებას“ და საერთაშორისო ორგანიზაციების ზეწოლას ბრალდება...
რა სახელიც არ უნდა დავარქვათ „ნაცებსა“ და „ქოცებს“ შორის არსებულ ურთიერთობას (პრინციპში ეს ურთიერთობა მოჩვენებითად დაძაბული, სინამდვილეში კი ჰარმონიული), ერთი რამ უდავოა - ქვეყანა ინერციით უსკრულისკენ მიექანება!..
ახლა ისევ უგულავას დავუბრუნდეთ - წუხელ ციხიდან გამოსულმა დაიქადნა: ჩვენ 2016 წელს არსებული საარჩევნო სისტემითაც „აბაროტს“ ავიღებთო! მეტი არაა ჩემი მტერი, „ნაციონალებმა“ აბაროტის აღება შეძლონ (მაშინ როგორც ვთქვი, ერი თვითლიკვიდაციის რეჟიმში უნდა გადავიდეს!), მაგრამ ნორმალურ ვითარებაში ამის თქმასაც არ უნდა ბედავდნენ (ვერ გავოგე, ჩვენ, ხალხს, ამომრჩეველს არაფერს გვეკითხებიან?!),
თუმცა, თუ საზოგადოება დროზე არ გამოფხიზლდება, არ გამოვრიცხავ, „ნაციონალებმა“ დაძაბულობის მუდმივი კერები შექმნან და ქვეყანა ქაოსისკენ წაიყვანონ, რისი უფლებაც არ უნდა მივცეთ!...
ნიშანდობლივია ისიც, რომ თუ ხელისუფლება თავის გასაკეთებელს (რაც კანონით ევალება) არ გააკეთებს და სტრატეგიას არ შეცვლის, მაშინ ეს მისია თავად ხალხმა უნდა იკისროს!
მართალია, არჩევნებამდე დარჩენილ დროში ძნელია ახალი, ჭეშმარიტად სახალხო პოლიტიკური ძალის ფორმირება, მაგრამ, თუ ერში ამის მზაობა იქნება, შეუძლებელი არაფერია. მთავარია, საზოგადოებამ მოახლოებული საშიშროება დროზე გააცნობიეროს!
მინაწერი: მეც იმ ადამიანების სიაში ვარ, ვინც მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა ასრულებულიყო. სხვა საკითხია, რატომ მიიყვანა აქამდე საქმე საქართველოს პროკურატურამ!..
შეიძლება უგულავა საკანს მალე დაუბრუნდეს, მაგრამ გია ხუხაშვილის თქმისა არ იყოს, ეს უფრო მეტად „გააშავებს“ დღევანდელ ხელისუფლებას საკუთარი ხალხის თვალში და საერთაშორისო ასპარეზზეც ისედაც დამცრობილი იმიჯი კიდევ უფრო დაიმცრობა.
მე თუ მკითხავთ, უგულავას დაჭერა-განთავისუფლებას ასეთი აჟიოტაჟი არც უნდა მოჰყოლოდა - რომელი ცოტნე დადიანი ეგა მყავს, საკუთარი „ხარაკირით“ თვალები დაგვიბრმავოს და ერი აიყოლიოს!
რაც შეეხება საზოგადოებიდან წამოსულ პრეტენზიას საქართველოს პროკურატურის მისამართით, რა შუაშია პროკურატურა? მთელი პასუხისმგებლობა ამ ვაკხანალიაზე ხელისუფლების კისერზეა, რომელიც პროკურატურის საქმიანობაზეც აგებს პასუხს.
ზაურ ნაჭყებია