რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ნოდარ ჯავახიშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" მიცემულ ინტერვიუში დოლართან მიმართებაში ლარის კურსის გასულ კვირას დაფიქსირებულ მაჩვენებელზე კომენტირებისას განაცხადა, რომ 2,54-ს ქართული ეკონომიკა და საზოგადოება ვერ გაუძლებს.
"სამართლებრივად, ქადაგიძე და ეროვნული ბანკი ლარის სტაბილურობაზე პასუხისმგებელი არ არიან და მეტიც, კონსტიტუციის თანახმად, დღეს ლარის სტაბილურობაზე პასუხისმგებელი არავინაა. ეს გაუგებარი ანომალიაა, მაგრამ რეალობა ასეთია და, სამწუხაროდ, დღემდე არც კანონმდებლობა შეცვლილა. ერთი რამის თქმა დარწმუნებით შემიძლია: 2,54-ს ქართული ეკონომიკა და საზოგადოება ვერ გაუძლებენ.
რამდენიმე თვის წინანდელი მონაცემებით, აღებული სესხების 64 % დოლარში იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობამ უარი უნდა თქვას გადახდაზე, ან გაყიდოს, თუ რამე აქვს დარჩენილი. თუ ასე გაგრძელდა, მღელვარების საშიშროება იქნება.
საზოგადოდ, ქვეყანაში რაც ხდება, ყველაფერზე მთავრობაა პასუხისმგებელი. ლარის თაობაზე კონკრეტულს ვერაფერს ვიტყვი, რადგან ამ მიმართულებით ეკონომიკური გუნდი ინტენსიურად მუშაობას. რეაგირებასაც დროულად ახდენენ, მაგრამ შედეგზე ეს არ აისახება. რატომ ხდება ასე, საკმარისი ინფორმაცია არ მაქვს. ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს, მე ჩემს სამინისტროშიც ბევრი პრობლემა მაქვს", - განაცხადა ჯავახიშვილმა.