ივერიონი / კონფერენცია "პარლამენტის როლი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტებით დანერგვის პროცესში" გაიხსნა

კონფერენცია "პარლამენტის როლი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტებით დანერგვის პროცესში" გაიხსნა

თბილისში, სასტუმრო "რედისონში" კონფერენცია გაიხსნა. მისი სახელწოდებაა "პარლამენტის როლი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტებით დანერგვის პროცესში".

 

"ჩვენთვის დიდი პატივია ასეთი დიდი ღონისძიების მასპინძლობა, რომელიც ევროსაბჭოს ეგიდით იმართება. ამ სემინარზე შეკრებილი ქვეყნები ვცდილობთ, ჩვენი კანონმდებლობა რაც შეიძლება მეტად დავუახლოვოთ იმ სტანდარტებს, რომელიც თანამედროვე მსოფლიოში ყველაზე მაღალია და ამქვეყნად ყველაზე ძირითადი ღირებულების -- ადამიანის უფლებების ყველაზე უკეთ დაცვას უზრუნველყოფს. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია იქცა დოკუმენტად, რომელმაც მეოცე საუკუნეში შეაჯამა ზოგადსაკაცობრიო ცივილიზაციური გამოცდილება, თუ რა უნდა გაკეთდეს სახელმწიფოს მიერ, რათა დაცული იყოს ადამიანი და მისი უფლებები. ჩვენი, საქართველოს და ამ სემინარის მონაწილე ქვეყნების სწრაფვა იმისკენ, რომ რაც შეიძლება სწრაფად და უკეთ დავნერგოთ ეს სტანდარტები, შიდასახელმწიფოებრივ პრაქტიკაში ადვილად ასახსნელია", -- განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 

მისივე თქმით, ამ მხრივ, დიდი ხნის განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა.

 

"ჩვენ, ყოფილი საბჭოთა ბლოკის წარმომადგენლები, პროცესში გაცილებით გვიან ჩავებით, ამიტომ გვესმის, რომ გაცილებით მეტი რამ გვაქვს გასაკეთებელი, რათა ერთიანი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა შევძლოთ. ამიტომ ეს ინიციატივა არის დროული და ძალიან სასარგებლო თითოეული ჩვენგანისთვის", -- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

21-09-2015, 12:54
უკან დაბრუნება