საინფორმაციო ველზე რუსული პროპაგანდის გაძლიერებას მეც ვგრძნობ – ამის შესახებ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში აცხადებს. "საინფორმაციო ველზე რუსული პროპაგანდის გაძლიერებას მეც ვგრძნობ. არ მინდა ჩემი კოლეგების კომპეტენციაში შეჭრა, მაგრამ სახელმწიფომ საზოგადოებასა და თუნდაც ოპოზიციურ პარტიებთან ერთად გააზრებული პოზიცია უნდა ჩამოაყალიბოს. ამბობენ, რომ რეგიონებში ევრაზიულ კავშირში შესვლის მომხრეთა რიცხვი გაიზარდა. არასამთავრობო ორგანიზაციებიც აქტიურობენ და მათ გასაგონად მინდა განვაცხადო: ევრაზიულ კავშირში გაწევრება ქვეყნისთვის დამღუპველი იქნება. ხალხის ნდობით აღჭურვილმა ხელისუფლებამ ქვეყანა სწორი გზით უნდა ატაროს",-აცხადებს გელა დუმბაძე.
დუმბაძის თქმით, რუსეთთან ფრთხილი და გონიერი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პრინციპები და ღირსეული სახე ერთი გოჯით მაინც დავთმოთ.
"ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ რუსულ სკოლაში ბავშვებს დაურიგეს სახელმძღვანელოები, სადაც საქართველოს რუკაზე აფხაზეთი და სამაჩაბლო დამოუკიდებელ ერთეულებადაა დატანილი. ეს მნიშვნელოვანი ფაქტია, რადგან დიდი ალბათობით, სახელმძღვანელოები სწორედ თბილისში დაიბეჭდა. ფაქტია, ქვეყანაში გაჩნდა ჯგუფი, რომელსაც სურვილი აქვს, მოსახლეობის მენტალიტეტი შეცვალოს და საკუთარი ინტერესები დაამკვიდროს. ასეთ დროს მეტი სიფხიზლეა საჭირო! არ დაგვავიწყდეს, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი, აფხაზეთი და სამაჩაბლო, ოკუპირებული აქვს. შეიძლება ვიღაცამ თქვას, რა მოხდა, თუ რამდენიმე წიგნი დაიბეჭდა კერძო სკოლისთვისო, მაგრამ, არა, სწორედაც, მოხდა! პატარა დეტალებით იქმნება საშიში სიტუაციები. კარგად მახსოვს, როდესაც მინისტრთა კაბინეტი ხელახლა დაამტკიცეს და ქუთაისიდან თბილისში ვბრუნდებოდი, წითელი დროშების ფრიალით ორმოცამდე მიკროავტობუსმა ჩაგვიარა, 9 მაისი იყო და გორისკენ მიდიოდნენ. მეტიც, რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ უნივერსიტეტში მიმიწვიეს ფილმის ჩვენებაზე. გვითხრეს, მეორე მსოფლიო ომში საქართველოს დანაკარგს ეძღვნებაო. სინამდვილეში აბსოლუტურად განსხვავებული ვითარება დაგვხვდა – ფილმი საბჭოურ ცხოვრებაზე ნოსტალგიითა და საბჭოური პატრიოტული სიმღერებით იყო გაჟღენთილი და დაუფარავ გზავნილებსაც უხვად შეიცავდა. კადრში სტალინისა და კრემლის გამოჩენისას დარბაზის ნაწილმა (ძირითადად ომის ვეტერანებმა, რომელთა დამსახურებასაც არავინ უარყოფს) მხურვალე ტაში დასცხეს. მაგრამ, როდესაც ამას ახალგაზრდები უყურებენ და ტაშს იზიარებენ, ეს ჯანსაღი ტენდენცია არ არის.
რუსეთთან ფრთხილი და გონიერი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პრინციპები და ღირსეული სახე ერთი გოჯით მაინც დავთმოთ. თვითონ რუსეთსაც მეტი პატივისცემა ექნება ღირსეული ოპონენტის მიმართ",- აცხადებს სახელმწიფო მინისტრი.