პარლამენტმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები შეიტანა, რომლითაც დადგინდა, რომ საჯარო მოხელეს საპენსიო ასაკის მიღწევის გამო საჯარო სამსახურიდან არ გაანთავისუფლებენ! თუ უფრო დავკონკრეტდებით, საჯარო სამსახურში მუშაობა 80 წლამდე იქნება შესაძლებელი.
აღნიშნული ცვლილებით, მოიხსნა ის დაძაბულობა, რომელიც საპენსიო ასაკს მირწეული საჯარო მოხელის მისი სურვილისდა მიუხედავად სამსახურიდან განთავისუფლებას უკავშირდებოდა.
თუ ადამიანი პროფესიონალია და დონეც და ჭკუაც ერჩის, რატომ უნდა გაუშვა იძულებით „დასასვენებლად“, თუ მას „გარანტირებულ“ პენსიას საკუთარი საქმის სამსახური ურჩევნია?
სხვათაშორის, ასეთი დამოკიდებულება ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლების (შრომის უფლება) დისკრიმინაციას ემსახურებოდა და არცთუ იშვიათად ფატალური (ნერვიულობის ნიადაგზე) შედეგებითაც მთავრდებოდა!
ცვლილება დეკრეტული შვებულების ზედა ზღვარის 600-დან 1000 ლარამდე აწევასაც ითვალისწინებს!
მადლობის მეტი რა გვეთქმის საკანონმდებლო ინიციატორებისთვის (საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს დიმიტრი ხუნდაძეს ეკუთვნის), თუმცა არის ერთი მაგრამ...
ცვლილება ძალაში შედის არა 2016, არამედ 2017 წლის პირველი იანვრიდან. განმარტებით ბარათში არ არის დასაბუთებული, რატომ გადაიდო კანონის ამოქმედება ერთი წლით, მითუმეტეს, ჯერ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში წარდგენილი არ არის. რატომ გადაულოცეს პარლამენტის მომავალ შემადგენლობას ასეთი სასარგებლო ინიციატივა და რატომ არ იღებენ მის ამოქმედებაზე პასუხისმგებლობას დღევანდელი პარლამენტარები?!
ხომ არ არის ეს მორიგი წინასაარჩევნო პიარი საპენსიო ასაკს მიღწეული ამომრჩევლის გულის მოსაგებად? თუ არა, მაშინ რატომ არ შედის ძალაში მომავალი წლის იანვრიდან?!