იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სასტუმრო "რედისონში" ადამიანის უფლებების თემაზე გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას სასამართლო სისტემაში ბოლო დროს გატარებულ რეფორმებზე ვრცლად ისაუბრა.
"ჩვენთან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტების მიღება და დამკვიდრება 1998 წლიდან მიმდინარეობს და უნდა ითქვას, რომ არასოდეს ყოფილა ისეთი ინტენსიური და შედეგიანი, როგორც ეს არის დღეს. ამ პროცესში იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებული რეფორმები დიდ როლს თამაშობს და ეს რეფორმები ინიციატივებად დარჩებოდა რომ არა პარლამენტის მხარდაჭერა და პარლამენტის აქტიური როლი იმ პროგრესის გზაზე, რომელზეც ჩვენ აგერ უკვე 3 წელია ვცდილობთ ვატაროთ ჩვენი ქვეყანა. მე, ევროსაბჭო და სასამართლო, სადაც შემეძლო, 65 წლამდე მემსახურა, დავტოვე იმიტომ, რომ საქართველოში იყო მძიმე ვითარება", - განაცხადა წულუკიანმა.
"ახლადდანიშნული მოსამართლეები ინიშნებიან უვადოდ და კონსტიტუციის თანახმად, 3-წლიანი გამოსაცდელი ვადა აქვთ. ჩვენ დავადგინეთ მათი შეფასების კრიტერიუმები. ზოგს ეს საქართველოში არ მოსწონს, ზოგში ვგულისხმობს ვენეციის კომისიასაც. ჩვენ ეს მოგვწონს, რადგან ვენეციის კომისიამ ჯერ ვერ ამიხსნა, რატომ არის მოსამართლეთა შეფასება კარგი ბრიტანეთში, რატომ არის კარგი ეს გერმანიაში და რატომ არის ეს ცუდი საქართველოში. ჩვენ კვალიფიციური მოსამართლეები გვჭირდება, მათ შორის მოსამართლეები, რომლებიც არ ეძლევიან პანიკას, როგორც ეს ორი დღის წინ ვნახეთ და ესეც კვალიფიკაციის ნაწილია, რომ დაღვინებული იღებდე გადაწყვეტილებას და შეფასებას ამ სფეროში თავისი როლი აქვს, რადგან ასეთი იყო მმართველი კოალიციის ნება და ამაში მქონდა ხელშეწყობა. მე გახლავართ ჩემი წინამორბედი იუსტიციის მინისტრისგან (ვგულისხმობ მიხეილ სააკაშვილს) განსხვავებული იმით, რომ მე არ ვფიქრობ, რომ სასამართლო რეფორმა მოსამართლეების გაყრას ნიშნავს. სასამართლო რეფორმა ნიშნავს პირველ რიგში კარგ კანონებს, ამიტომაც ჩვენ კარგი კანონების გზით ვიარეთ პარლამენტთან ერთად და პირველი ტალღის შემდეგ რევოლუციური სიახლე შემოვიტანეთ ჩვენს სისტემაში", - განაცხადა თეა წულუკიანმა.