ივერიონი / ხვალ უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება

ხვალ უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება

ხვალ უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" უშიშროების საბჭოს აპარატიდან აცნობეს, სხდომის დღის წესრიგში შეტანილია სამი საკითხი: საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობა 2016 წლისთვის, სამხედრო აღმშენებლობასთან დაკავშირებული საკითხები და "საქართველოს საფრთხეების შეფასების 2015-2018 წწ დოკუმენტის" პროექტის სამხედრო საფრთხეების ნაწილი. მომხსენებლები თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე იქნებიან. 

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 98-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამხედრო ძალების რაოდენობას ეროვნული უშიშროების საბჭოს წარდგინებით პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ამტკიცებს. "ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ" ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ეროვნული უშიშროების საბჭო საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს წევრთა 2/3-ის უმრავლესობით და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პარლამენტს საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენასთან ერთად. საქართველოს კონსტიტუციის 93 მუხლის მე-2 პუნქტისა და საბიუჯეტო კოდექსის 38-ე მუხლის თანახმად, საქართველოს მთავრობა საქართველოს პარლამენტს არაუგვიანეს 1 ოქტომბერისა წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს თანდართულ მასალებთან ერთად.

ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა პრეზიდენტის რეზიდენციაში 17:00 საათზე გაიმართება. სხდომაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან საბჭოს მუდმივი წევრები.

22-09-2015, 12:04
უკან დაბრუნება