ივერიონი / ზვიად ნოდია: მართლმადიდებლური სიწმინდე ყველას ეკუთვნის და შიში, რომ ღვთისმშობლის კვართს უკან არ დააბრუნებენ, უსაფუძვლოა!

ზვიად ნოდია: მართლმადიდებლური სიწმინდე ყველას ეკუთვნის და შიში, რომ ღვთისმშობლის კვართს უკან არ დააბრუნებენ, უსაფუძვლოა!

საქართველოში ბევრი ქრისტეანული სიწმინდეა დავანებული, რომელთაგან უმთავრესია ქრისტეს კვართი (ტურინის სუდარას - მეხუთე სახარებას უწოდებენ), კვართი დავანებული მცხეთაში, საიდანაც იყო ფარნაოზი.

როგორც ისტორია მოგვითხრობს, მან სამეგრელოს (კოლხეთის) ერისთავს ქუჯის სთხოვა სათავეში ჩადგომოდა საქართველოს მტრისგან განთავისუფლებისა და გაერთიანების მისიას, რაზედაც ქუჯიმ, თავაზიანად უკანვე მიუბრუნა უფროსობის (პირველადობის) პრეროგატივა, ეროვნულ-ნათესაურად დაუდგა გვერდით და ერთობლივად გადაარჩინეს საქართველო.

მოხდა ღმრთის განგებულება და მეორე უმთავრესი სიწმინდე - კვართი ღმრთისმშობელ მარიამისა იმყოფება ზუგდიდში, ანუ საქართველოს ორ ცენტრალურ ნაწილიდან ორი სიწმინდე გუშაგობს ჩვენს ერს!

 



ქრისტეს კვართისგან განსხვავებით, შესაძლებელია ღმრთისმშობლის კვართის გადაადგილება და მისით განწმენდა საქართველოს ტერიტორიებისა, ისე როგორც ტრადიციულად აკურთხებდნებ სამღვდელონი - სახლებს, სოფელ-ქალაქებს და მის ირგვლივეთ მდინარესა და ტყე-ველ-მინდვრებს(ერთი პატერიკიდან ვიცი, რომ ეშმაკები ჩიოდნენ - ჭაობებშიც კი არ გვაყენებენ მღვდლებიო)...

სწორედ ამ დანიშნულებით უნდა ვსასოებდეთ ღმრთისმშობლის კვართს, მაგრამ რატომღაც ზუგდიდის ეპარქია ერთი დღითაც კი სხვაგან გადაადგილების წინააღმდეგია(მაგალითად, ხობში...) - მიიჩნევს რა მას ზუგდიდის ისტორიულ საკუთრებად;

ასე მიკერძოებულად თუ მივუდექით, მაშინ საბერძნეთსაც ძალუძს კვართზე წამოაყენოს პრეტენზია, ვინაიდან იგი სწორედ იქიდან მოგვევლინა;

საერთო მართლმადიდებლური სიწმინდე ყველას ეკუთვნის და დაე იაროს კუთხიდან კუთხეში მოსალოცად, ისე რომ საბოლოოდ კვლავ ზუგდიდს უბრუნდებოდეს იმ მტევანივით, რომელიც ერთ ბერს მიართვეს, მაგრამ თავისი თავისთვის ვერ გაიმეტა და  მეორე ბერს მიუძღვნა, მანაც - სხვას და ასე დაუბრუნდა ისევ პირველს...

ღმრთისმშობლის სამოსი უნდა გაიშალოს და შესაბამისი ზომის ჯავშანში ჩაისვას, რომელსაც არაეკუმენისტ მომლოცველთა ჯგუფი უნდა მეთვალყურეობდეს და მომოივლიდეს მთელს საქართველოს მოსალოც-განსაწმენდად.

შიში იმისა, რომ ხობი (ერთი პერიოდი - მანდ იყო დაბრძანებული თავიდან) ან ვინმე მიისაკუთრებს მას, არასწორია.

რაც არ უნდა დაუჯერებლად მოგეჩვენოთ, მე პირადად ვიცნობ ადამიანებს, რომელთაც ღმრთისმშობლის კვართის ისეთი ანალოგი აქვთ დამზადებული, ორიგინალისგან ვერ განასხვავებ და ამდენი საუკუნის მანძილზე (სააკაშვილის პერიოდშიც...) სამოსიც და ანჩისხატიც კი შეეძლოთ შეეცვალათ, მაგრამ გვწამს, რომ ამას ღმერთი არ დაუშვებს..."

ზვიად ნოდია, პუბლიცისტი

22-09-2015, 15:06
უკან დაბრუნება