ივერიონი / დავით საგანელიძე: ახალი მსხვილი საფინანსო ინსტიტუტის შექმნა თუკი მთავრობა ამაზე წამოვა, ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნება

დავით საგანელიძე: ახალი მსხვილი საფინანსო ინსტიტუტის შექმნა თუკი მთავრობა ამაზე წამოვა, ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნება

თუკი შესაძლებელია საპარტნიორო ფონდის ბაზაზე ახალი მსხვილი საფინანსო ინსტიტუტის შექმნა და მთავრობა ამაზე წამოვა, მაშინ ეს ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნება, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე საპარტნიორო ფონდში ირაკლი კოვზანაძის ადგილზე მის შესაძლო დანიშვნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

 

როგორც უმრავლესობის ლიდერმა ჟურნალისტებთან განმარტა, მას შემდეგ, რაც პარლამენტში "საქართველოს განვითარების ბანკის" შესახებ კანონპროექტის განხილვა შეჩერდა, გერმანიის საფინანსო ინსტიტუტმა ჩაატარა კვლევა და შეიქმნა დოკუმენტი, სადაც ნათქვამია, რომ სახელმწიფო საფინანსო ინსტიტუტის შექმნა უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია საქართველოს ეკონომიკის განვითარებისათვის.

 

საგანელიძის თქმით, დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ სწორია ასეთი ინსტიტუტის საპარტნიორო ფონდის ბაზაზე შექმნა.

 

"გადაწყვეტილება მთავრობის მეთაურმა და მეც უნდა მივიღო. უმუშევარი არ ვარ, რომ ახლა სამსახურს ვეძებდე – ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი პოსტი მიკავია. თუკი საუბარია იმაზე, რომ საპარტნიორო ფონდს მე ვუხელმძღვანელო, ეს სწორი არ იქნება და ეს ჩემი ამოცანა არ არის, ხოლო თუ საუბარია იმაზე, რაზეც სამი წელია ვსაუბრობ, რომ საქართველოში შეიქმნას სახელმწიფო საფინანსო ინსტიტუტი – იქნება განვითარების ფონდი, კორპორაცია თუ ბანკი, მაშინ ეს ძალიან სერიოზული და ძალიან მნიშვნელოვანი საქმე იქნება, მიმაჩნია, რომ ქვეყნის ეკონომიკისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი. ვფიქრობ, აქ დათო საგანელიძე ჩვენს ქვეყანას, ჩვენს გუნდს, განვითარების საქმეს შეიძლება უფრო გამოადგეს", - ამბობს დავით საგანელიძე.

 

23-09-2015, 07:24
უკან დაბრუნება