თუ ვინმე რაიმე ფორმით მოსამართლეზე ზეწოლას შეეცადა, აქ სამართლადამცავი ორგანოები უნდა ამუშავდნენ და ასეთ პირს პასუხი მოეთხოვოს , - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე აცხადებს.
როგორც ხმალაძე აღნიშნავს, მოსამართლეზე ზემოქმედება კანონით ისჯება.
"ზღვარს გამოხატვის თავისუფლებასა და მოსამართლეზე ზემოქმედებას შორის კანონი ავლებს, რომელიც ამბობს, რომ ყველას აქვს უფლება, აზრი თავისუფლად გამოხატოს. მეორე მხრივ, როცა მოსამართლეებზეა საუბარი, კანონი ამბობს, რომ მოსამართლეთა საცხოვრებელ ადგილთან, სამუშაო ადგილთან მიტინგების მოწყობა არ შეიძლება. არ შეიძლება მოსამართლეზე ზემოქმედება. რაც შეეხება მუქარას, ეს არ შეიძლება არც თქვენს, არც ჩემს, არც მოსამართლის და არავის მიმართ, ანუ ეს არის აკრძალული და თუ ასეთი რამ მოხდა, არის დარღვევა. გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მოქალაქეს შეუძლია თქვას, რომ მას სასამართლოს გადაწყვეტილება არ მიაჩნია სწორად, მას მიაჩნია, რომ ეს მოსამართლე არის ასეთი თუ ისეთი – როგორც შეუძლია ეს თქვას პრეზიდენტზე, პრემიერ-მინისტრზე, პარლამენტის წევრზე, მინისტრზე, მაგრამ არ შეუძლია ეს თქვას თქვენზე, რადგან ისინი საჯარო პირები არიან. საჯარო პირების მიმართ თავისუფლების ხარისხი გაცილებით მაღალია და საჯარო პირი ვერც იჩივლებს ამის გამო", - განუცხადა ჟურნალისტებს ხმალაძემ.