ივერიონი / სახალხო დამცველი ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოს სქესის ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებს

სახალხო დამცველი ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოს სქესის ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებს

საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა თბილისის ბავშვთა ინფექციურ კლინიკურ საავადმყოფოს - დასახოს ერთიანი სამოქმედო პოლიტიკა და შეიმუშავოს შიდა დოკუმენტი, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება საავადმყოფოს ყველა განყოფილებაში თავდგომასთან დაკავშირებით პაციენტთა და მშობელთა, მეურვეთა თუ წარმომადგენელთა მიმართ თანასწორი მოპყრობა.

 

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, 2015 წლის 27 მაისს საქართველოს სახალხო დამცველს მიმართა მოქალაქე გ.გ.-მ მის მიმართ სქესის ნიშნით განხორციელებულ სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტზე. მომჩივანის თქმით, 2015 წლის 24 აპრილს, მისი არასრულწლოვანი შვილი ნ.გ. გადაიყვანეს თბილისის ბავშვთა ინფექციურ კლინიკურ საავადმყოფოში მწვავე ინფექციური დაავადებითა და მაღალი ტემპერატურით. მომჩივანს სურდა 15:00-00:00 დროის პერიოდში შვილთან თავმდგომად დარჩენა, რაზეც რესპირატორული ვირუსული ინფექციების განყოფილების გამგემ უარი განუცხადა იმ მოტივით, რომ აღნიშნულის უფლება მხოლოდ დედას და ბებიას ეძლევა, ხოლო მამაკაცები არ არიან დაშვებულნი თავმდგომებად. გამგის განმარტებით, ის კატეგორიულად არ დაუშვებს განყოფილებაში მამაკაცს, ვინაიდან ის შესაძლოა ნასვამ მდგომარეობაში მოვიდეს და თუ დედას არ შეუძლია ბავშვთან დარჩენა, მდედრობითი სქესის სხვა წარმომადგენლის მოყვანას სთხოვენ.

 

სახალხო დამცველმა რეკომენდაციაში მიუთითა, რომ მომჩივანისთვის შვილთან თავმდგომად დარჩენაზე უარი, ეფუძნებოდა არა მომჩივანის ინდივიდუალური ქცევისაგან გამოწვეულ საშიშროებას, წესრიგისა და პაციენტთა უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით, არამედ საავადმყოფოში არსებულ პრაქტიკას, რომლის თანახმად, მამაკაცებს არ აქვთ უფლება შვილთან დარჩნენ პალატაში.

 

სავარაუდო რისკის არსებობის გამო, მამაკაცთა გამორიცხვა თავმდგომად დარჩენის უფლების მქონე პირთაგან, წარმოაჩენს არსებულ სტერეოტიპულ დამოკიდებულებას მამაკაცების ცხოვრების წესსა და ოჯახურ ცხოვრებაში მათ მონაწილეობაზე.

 

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ მსგავსი სტერეოტიპები უზღუდავს მამაკაცებს შესაძლებლობას შეასრულონ მნიშვნელოვანი როლი შვილის ცხოვრების სხვადასხვა სფეროში და მეუღლეებთან ერთად გაინაწილონ მშობელზე დაკისრებული ტვირთი. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს მამის როლის დაკნინება ბავშვზე ზრუნვასა და აღზრდაში და მათ მიეცეთ შესაძლებლობა სტიგმებისგან თავისუფალ გარემოში ქალთა თანაბრად ისარგებლონ მშობლის უფლებებით და იტვირთონ მათზე დაკისრებული მოვალეობები.

 

სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ შპს "თბილისის ბავშვთა ინფექციურმა კლინიკურმა საავადმყოფომ" ჩაიდინა პირდაპირი დისკრიმინაცია გ.გ.-ს მიმართ, მისი სქესის გამო.

23-09-2015, 12:48
უკან დაბრუნება