ივერიონი / იგეგმება თუ არა მთავარი პროკურორის ჩანაცვლება?!

იგეგმება თუ არა მთავარი პროკურორის ჩანაცვლება?!

პროკურატურის რეფორმის ფარგლებში მიღებული ახალი კანონი პრეზიდენტს უკვე ხელმოსაწერად გადაეგზავნა. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა პაატა კიკნაველიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე  განმარტა, მთავარი პროკურორი იუსტიციის მინისტრის წარდგინებით პრეზიდენტის მიერ ინიშნებოდა, საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ პრეზიდენტს პრემიერი ჩაენაცვლა. მასში არც საკანონდებლო ხელისუფლება, არც საზოგადოება და არც პროკურორთა კორპუსი არ მონაწილეობდა. მარტივი იყო დანიშვნაც და გათავისუფლებაც. პროკურატურის რეფორმის ფარგლებში გართულდა როგორც პროკურორის დანიშვნის, ისე მისი გათავისუფლების პროცედურები.

 

კანონში შესული ცვლილების მიხედვით, მთავარი პროკურორის კანდიდატურას პარლამენტი საპროკურორო საბჭოს წარდგინებით დანიშნავს. დეპუტატმა საბჭოს დაკომპლექტების წესები და პროცედურები დეტალურად განმარტა.

 

"მიღებული კანონის მიხედვით, მთავარი პროკურორის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს საპროკურორო საბჭოს. საბჭოს უმრავლესობა აირჩევა პროკურორთა კონფერენციის, მოქმედი პროკურორებისა და გამომძიებლების მიერ. საბჭოს 15 წევრიდან 8 წევრი პროკურატურის მოქმედ თანამშრომლებს ეყოლებათ, მაგრამ ის არ შეიძლება იყოს მაღალი რანგის პროკურორი, როგორიც არის მთავარი პროკურორის მოადგილე, დეპარტამენტის უფროსი, საოლქო პროკურორი და ასე შემდეგ. ხოლო თუ საბჭოს წევრობისას წევრი რომელიმე მსგავს თანამდებობას დაიკავებს, მას საბჭოს წევრის უფლებამოსილება უწყდება და მის ადგილს სხვა, ახალი წევრი დაიკავებს. საბჭოს წევრია ასევე იუსტიციის მინისტრი. 2 წევრი წარმოდგენილი იქნება პარლამენტის მიერ, აქედან ერთი უმრავლესობიდან და ერთიც უმრავლესობის მიღმა მყოფი ფრაქციებიდან და უფრაქციო დეპუტატებიდან აირჩევა, დანარჩენი წევრები კი – აკადემიური წრეებიდან და სამოქალაქო საზოგადოებიდან შეირჩევიან",- აღნიშნა პაატა კიკნაველიძემ.

 

 

დეპუტატი მთავარი პროკურორის შესაძლო ჩანაცვლების საკითხსაც შეეხო, მისი განცხადებით, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი კანონს ხელს მოაწერს და ძალაში შევა, მთავარი პროკურორის კანდიდატურის შესარჩევად და პარლამენტში წარსადგენად პროცედურები დაიწყება.

 

"კანონის ამოქმედების შემდეგ მთავარი პროკურორის კანდიდატურის შესარჩევად და პარლამენტში წარსადგენად პროცედურები დაიწყება. პარლამენტი არის მთავარი რგოლი მთავარი პროკურორის დანიშვნის და გათავისუფლების საკითხში, შესაბამისად, პროკურატურა პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ხდება",- აღნიშნა პაატა კიკნაველიძემ.

23-09-2015, 13:14
უკან დაბრუნება