საერთაშორისო თანამეგობრობაში ძალიან სწრაფად იზრდება შეშფოთება იმ ტენდენციებთან დაკავშირებით, რომელიც დღეს არის საქართველოში , - ამის შესახებ ჟურნალისტებს, დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის შემდეგ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განუცხადა.
მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ყველა იმ თემას, რომელიც დღეს ქვეყანაში აქტუალური და პრობლემურია.
ბაქრაძის განცხადებით, ელჩებს განსაკუთრებით აინტერესებდათ გიგი უგულავას დაპატიმრება, დაპატიმრების წინმსწრები და თანმდევი პროცესები.
"ასევე, დიდი ინტერესის საგანი იყო შეფასება იმისა, თუ რა ხდება ქართულ მედიაში. ვისაუბრეთ ყველა იმ თემაზე, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის, იყო ძალიან დიდი დაინტერესება და შეშფოთებაც. ჩვენ ვეცადეთ მათთვის ჩვენი პოზიცია მიგვეწოდებინა", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
"მდგომარეობა არის კრიტიკული. შემიძლია, თავს უფლება მივცე, ვთქვა, რომ ეს არის საერთო შთაბეჭდილება ყველასი, ვინც საქართველოს მოვლენებს თვალ-ყურს ადევნებს და ჩვენი პარტნიორებისაც. კრიტიკული მდგომარეობაა დაწყებული ეკონომიკით, გაგრძელებული პოლიტპატიმრების საკითხით. ამ მხრივ უგულავას თემამ კიდევ უფრო მძიმე შთაბეჭდილება დატოვა. ასევე მედიის მდგომარეობა, "რუსთავი 2"-ის ვითარება, მშვიდობიანი მანიფესტაციების შეზღუდვა, ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოზე – ეს არის მთელი პაკეტი იმ ვითარებისა, რომელიხ შექმნა ივანიშვილის რეჟიმმა და რომელიც აწუხებს ყველას. ამ შემთხვევაში ჩვენში ვგულისხმობ ქართულ საზოგადოებას და პოლიტიკურ ძალებს. უნდა ვიპოვოთ კონკრეტული გამოსავალი ამ ვითარებიდან და ეს გამოსავალი, თქვენ იცით, რომ არის ივანიშვილის ჩამოცილება. ჩამოცილებაზე არ ყოფილა ამ შეხვედრაზე საუბარი, ეს არ არის დიპლომატების საქმე. თუმცა ვითარების აღწერა და აზრთა ურთიერთგაცვლა ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.