გვესაუბრება მწერალი და თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი
გიორგი, უპირველესად გილოცავ გაბედნიერებას, უფალი იყოს თქვენი შემწე. მკითხველები დამეთანხმებიან, რომ შენ „ივერიონის“ ხშირი და სასიამოვნო სტუმარი იყავი. იყავი-მეთქი იმიტომ ვამბობ, რომ საკმაოდ დიდი ტაიმ-აუტი გამოგვივიდა...
შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია შენმა ბოლოდროინდელმა სტატიებმა, რომელიც ქართულ ეკლესიაში არსებულ პრობლემებს ეხებოდა. თუმცა, მომხრეებთან ერთად გყავდა მოწინააღმდეგენიც: ისინი მიიჩნევენ, რომ ეკლესიაში არსებული პრობლემების გაშიშვლება საჭირო არ არის, რადგან ეს მრევლს აბრკოლებს...
უღრმესი მადლობა მოლოცვისა და კეთილი სურვილებისთვის. წყალობა, მშვიდობა და სიხარული გიმრავლოთ უფალმა თქვენ და „ივერიონის“ თითოეულ მკითხველს!
რაც შეეხება ჩემს პუბლიცისტურ წერილებს, ვფიქრობ, რომ დროთა განმავლობაში მრევლის წევრთა საკმაოდ დიდი ნაწილი, აწ უკვე ფლობს არსებული ვითარების ობიექტურ ანალიზს და შესაბამისად გაგებით ეკიდება ჩემს გულწრფელ საწუხარსა თუ შვილობრივ პათოსს, რომელიც მოცემული რეალობის პრევენციისკენაა მიმართული და არა განკითხვისაკენ.
ამასთან, ძირითადად ვეხმიანები იმ პრობლემებს, რომლებიც ზედაპირზეა და სასწრაფო მოგვარებას საჭიროებს, რაც ცხადია, საეკლესიო სამართლის ნორმების გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს და არა მარგინალური წესით.
მესმის იმ ადამიანებისაც, რომელნიც რელიგიურ საკითხებზე დისკუსიებისგან თავს იკავებენ. მიმაჩნია, რომ სენსიტიურ და ფაქიზ თემებზე მსჯელობა კომპეტენციისა და კვალიფიკაციის ჩარჩოებს არ უნდა გასცდეს და მხოლოდ სულიერებისა თუ სიყვარულის ლაიტმოტივს უნდა ეფუძნებოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩანასახში არსებული ჯანსაღი ზრახვები დიდი ალბათობით ბოროტების სამსახურში აღმოჩნდება და მომჩივანის შინაგან დეგრედაციას დააჩქარებს, რაც თავის მხრივ მშფოთვარებას, მრისხანებას, ულოცველობასა და ღვთისგან განშორებას გამოიწვევს. ღმერთმა დაგვიფაროს მსგავსი საცდრუისგან!
ზოგადად კი მათ, რომელნიც სამღვდელო დასში არსებულ მანკიერებას ხელებს აფარებენ, მინდა შევახსენო მართლმადიდებლობის ბურჯის - წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის საგულისხმო სიტყვები: „არავინ არ აყენებს ისე დიდ ზიანს ეკლესიას, როგორც სასულიერო პირი, რომელიც უსჯულოდ იქცევა. ვერავინ ბედავს დაადანაშაულოს იგი, ხოლო ცდომილება მისი კი მით უფრო იზრდება, როცა მისი სასულიერო ღირსებისადმი მოწიწების გამო, მაინც განაგრძნობენ ასეთი ცოდვილის შეწყნარებას“.
შეიძლება ჩვენ გვიკვირს, მაგრამ, თუ სახარებას და წმინდა წერილებს ჩავუღრმავდებით, იქ ყველაფერია მოთხრობილი, რაც ზოგადად დღევანდელ ეკლესიაში ხდება (მარტო საქართველოს ეკლესია არ იგულისხმება). მართალია, ეკლესიაში მრევლმა იმატა, მაგრამ ეს ჩვენდა სამწუხაროდ, რწმენის ხარისხის პირდაპირპროპორციული არ არის, რითაც ადვილად სარგებლობენ მართლმადიდებლობის ჩასაფრებული მტრები!..
ჩემი აზრით, ყველა ამ პრობლემის სათავე გაუნათლებლობასა და უსწავლელობაში მოიძებნება. სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ჯერ კიდევ ფორმირებისა და ჩამოყალიბების დიდი გზა გვაქვს გასავლელი, იმისათვის რათა მრევლის ევანგელიზაცია და კატეხიზაცია მოხდეს, რასაც მისიონერული სკოლის აღორძინება წარმოშობს. ამ მიმართებით კი მხოლოდ ცალკეული სასულიერო პირები იღწვიან. ამიტომ, საჭიროა სისტემური ცვლილება და მოძმე ეკლესიათა გამოცდილების გაზიარება, რომელიც თანამედროვე სტანდარტებსა და გამოწვევებს ღირსეულად უპასუხებს.
მესმის, რომ მოწამეობრივი და მრავალვნებული ეკლესია ვართ, განსაკუთრებით კი რუსული ექსპანსიისა და კომუნისტური ხუნდების შემდეგ იოლი არ იყო იარების მოშუშება და ჭეშმარიტი სარწმუნოების შენარჩუნება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეკლესია ცოცხალი ორგანიზმია და მისი განვითარება მუდმივ დინამიკაში მდგომარეობს და შეუძლებელია ის სტატიკურ პოზაში იყოს, მან (იგულისხმება საპატრიარქოს ადმინისტრაცია) უნდა ეძებოს ახალი გზები, ოღონდ ძველი მასალითა და იმ გამოცდილებით, რომელიც სულიწმინდის მადლით განბრძნობილ მამათა სწავლებამ მოგვცა, რადგან მხოლოდ რეტროსპექტიული მიდგომა, ანუ გაიდეალებულ წარსულთან დღევანდელობის გაიგივება და შუასაუკუნეების მორწმუნესთან თანამედროვე ქრისტიანის შედარება, ვგონებ დადებით შედეგს არ მოგვცემს. უკიდურესობებს უნდა ვერიდოთ, ზედმეტი კონსერვატიზმი ხშირად ეთნონაციონალიზმის, ექსტრემიზმისა და ფუნდამენტალიზმის უფსკრულს გვიქადის ხოლმე, ხოლო ულტრალიბერალიზმი - ათეიზმსა და გამოფიტულ „მორალს“. არცერთია მაცხოვნებელი და ჯანმრთელი, რადგან ფანატიზმი არის რწმენა - ცოდნისა და სიყვარულის გარეშე, ხოლო დასავლური ტიპის ლიბერალიზმი გულისხმობს ცოდნას - რწმენისა და სიყვარულის გარეშე.
რაც შეეხება მავანის ჩასაფრებას, ამ საკითხზე ბერძენი ღვთისმეტყველის - ალექსანდრე კალომიროსის სიტყვებს გაგახსენებთ: „ათეიზმი კი არ არის ჩვენი მტერი, არამედ დამახინჯებული ქრისტიანობა“. ცოტაოდენ რომ განვმარტოთ - ათეისტები კი არ არიან ეკლესიის მტრები, არამედ დამახინჯებული აზროვნების ვაიქრისტიანები.
საინტერესოა, შენი, როგორც თეოლოგის მოსაზრება ეკლესიისა და სახელმწიფოს დამოკიდებულებაზე. ბევრი თვლის, რომ სახელმწიფო ეკლესიას არ უნდა ეხმარებოდეს და ისინი ერთმანეთის საქმეებში არ უნდა ერეოდნენ...
სეკულარული გაგებით, ეკლესია და სახელმწიფო ერთმანეთისგან გამიჯნული დამოუკიდებელი სუბიექტები უნდა იყვნენ, მაგრამ ისტორიულ სიგრძეზე, ჯერ მსგავსი რამ არსად არ დაფიქსირებულა, რომ აბსოლუტური დისტანცია და ჩაურევლობა ყოფილიყოს!
რაც შეეხება დახმარებას, ჩვენ ვიცით, რომ უკანასკნელი საუკუნის მანძილზე ეკლესიამ ძალზე მძიმე მატერიალური ზიანი განიცადა, რომლის ანაზღაურების პასუხისმგებლობასაც სახელმწიფო უსათუოდ უნდა გრძნობდეს. ამის გარანტს კი კონკორდატი, ანუ საკონსტიტუციო შეთანხმება წარმოადგენს. დაფინანსებაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, თუმცა აქ არის ერთი მეტად მნიშვნელოვანი საფრთხე, რომლის მიხედვითაც ნებისმიერ მთავრობას გაუჩნდება წამოყვედრების ამბიცია, რაც შესაძლოა გამოიხატოს - „გაჭმევ და დამემორჩილე“ პრინციპის გააქტიურებაში. ხოლო იმისათვის, რომ მსგავსი გარემოება არ წარმოიშვას, აუცილებელია ეკლესიის მხრიდან პოლიტიკაში ჩაურევლობა და სახელმწიფოებრივი განვითარების საქმეში რეკომენდაციების მიცემისგან თავშეკავება, რადგან მის ბუნებას ეს უპირისპირდება და ვნებს, რამეთუ იდეაში ეკლესია ისეთივე უძლურია, როგორც სინდისი და როგორც ღმერთი, რომელიც მოუწოდებს, შეაგონებს, ურჩევს და არამც და არამც არ ძალმომრეობს თავისი ავტორიტეტით სხვაზე.
ჩემი პირადი და მოკრძალებული აზრით, სრული გამიჯვნა უტოპიაა და არარეალური, მაგრამ რაც უფრო გამოყოფილნი იქნებიან ერთმანეთისაგან ეკლესია და სახელმწიფო, მით უფრო მაღალი იქნება თავისუფლების ხარისხი ორივე მხარეს.
როგორ გესმის გამოთქმა: როგორიც ერია, ისეთი ბერიო... თუ ამ ფორმულით მივუდგებით, მაშინ გამოდის, რომ დღეს ეკლესიას ძალიან უჭირს...
ფაქტია, რომ საზოგადოებიდან და ხალხიდან ხდება სამღვდელო დასში შედინება და არა სხვა რომელიმე სივრციდან, შესაბამისად ამ გამონათქვამში არის რაღაც რაციონალური მარცვალი, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად ყველაზე ამის გავრცობა უსამართლობა იქნება. ვიღაც ამ აფორიზმის თანმიმდევრობაზეც შეგეკამათებოდათ და ოდნავ სახეცვლილად იტყოდა - „რაც ბერია, ის ერიაო“, მაგრამ სიმართლე ის არის რომ ორივე მხარეს გვაქვს საკმაოდ კრიზისული ფონი, რის აღმოფხვრასაც ლოცვასთან ერთად ზნეობრივად ქმედითი ნაბიჯების გადადმა სჭირდება!
დღეს ხშირად გაიგონებ, რომ ეკლესიები „მოპარული“ ფულით შენდება, ანუ ტაძრებს ისეთი ადამიანები აშენებენ, რომელთაც ფული ხაზინის ქურდობით, ან სხვების ძარცვით აქვთ ნაშოვნი. შენი აზრით, აქვს თუ არა მადლი ასეთ ეკლესიას?
დიდად გასახარი და სასიამოვნოა ეკლესია-მონასტრების შენება, აღდგენა და რევსტავრირება, მაგრამ პირადად ჩემთვის მიუღებელია გაცხადებული დამნაშავეების, ანუ კანონიერი ქურდებისა თუ კორუმპირებული ჩინოვნიკების მხრიდან მსგავსი შემოწირულობების აღება. იგივეს ვერ ვიტყვი ბიზნესმენებზე, რომელთა საქმიანობის დარღვევებზეც საჯარო და არგუმენტირებული მტკიცებულება არ დევს. ღმერთმა ყველას შეუწიროს გაღებული სიქველე. ვმადლობ თითოეულ ადამიანს, რომელიც სასიკეთო საქმეში ხარჯავს ფულს, ხოლო მისი პასუხისმგებლობა უზენაესის წინაშე, თავად უმაღლესი მსაჯულის - ღმერთის ფუნქცია და პრეროგატივაა, რამეთუ ჩვენ ვიცით ამა თუ იმ პიროვნების ცოდვა, მაგრამ არ ვიცით მისი სინანული, ამდენად მიჭირს იმაზე საუბარი, რაც კაცთათვის დაფარულია და საიდუმლოებას წარმოადგენს.
ისე კი ეკლესიის ძლიერება არა შენობა-ნაგებობების სიმრავლეში, არამედ სულიერი ტაძრების, ანუ ადამიანების შინაგან და ინტელექტუალურ აშენებაში გამოიხატება. შესაბამისად, ვისურვებდი, რომ ფინანსების სუბსიდირება სწავლა-განათლების სფეროში ჩაიდოს. სწორედ ეს იქნება ეკლესიის აღმშენებლობის ნამდვილი გამოხატულება.
როგორც მორწმუნე და თეოლოგი, როგორ შეაფასებ დღევანდელ პოლიტიკურ სიტუაციას, საით მიდის საქართველო?!
წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ამჟამინდელი მთავრობა გაცილებით უფრო ჰუმანური, კანონიერი და დემოკრატიულია. თუმცა, მიუხედავად ამისა, მოცემული რეალობა სოციალური თუ ეკონომიკური კუთხით, მეტად მძიმე და საგანგაშოა. მართალია, უწინდელთან შედარებით პროგრესი სახეზეა - საკუთრების, სიცოცხლის და სიტყვის უფლება დაცულია, მაგრამ არ ამართლებს იმ სტაგნაციასა და უნიათობას რაც სახეზე გვაქვს როგორც საგარეო პოლიტიკის, ისე დასაქმების კუთხით.
გარდა ამისა დამნაშავეები, რომელნიც წლების მანძილზე ადამიანების ტანჯვა-წამებასა და გაუბედურებაში მონაწილეობდნენ, დღესაც თავისუფალნი და ხელშეუხებელნი არიან, რაც უამრავ შეკითხვებსა და დიდ საზოგადოებრივ წუხილს ბადებს.
თუ ასე გაგრძელდა ნიჰილისტურად განწყობილი ჩვენი თანამემამულენი აუცილებლად აჯანყდებიან და სოციალურ აფეთქებას განიზრახავენ. გარდა ამისა, აშკარაა რუსული სპეცსამსახურებისა და ამერიკული ძალების ურთიერთპაექრობის სინდრომი, რამაც შესაძლოა დიდი სამოქალაქო დაპირისპირება და შიდა შუღლი გამოიწვიოს. იმასაც დავძენდი, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ნატოსა და ევროკავშირის მხრიდან კვლავინდებურად სამოქმედო გეგმის შესრულებასა და გრძელვადიან მოლოდინებზე გაკეთდება აქცენტი, ესოდენ დამაშვრალი და ხელგაწვდილი ქართული საზოგადოება დიდ იმედგაცრუებას იწვნევს და აღმოჩნდება სრულიად მარტო, რაც ინერციით იმუშავებს ანტიდასავლური განწყობების სასარგებლოდ. ეს კი იმ ალიანსებისა და კავშირების სინდისზე იყოს, რომლებიც დღენიადაგ მხოლოდ რიტორიკაში მიესალმებიან მათთან ჩვენს გაწევრიანებას და სინამდვილეში კი ინტეგრაციას შორეული, მიუღწეველი ვადებისკენ გვივადებენ. ეს არის თავაზიანი ცინიზმი და ყოვლადუდიერი დამოკიდებულება. ევროპა ეგოისტური და პაციფისტურია, ფუფუნებას, კომფორტსა და განცხრომას ნაჩვევი, რომელსაც არ სურს რეალური დახმარების გაწევა, საკუთარი სიმშვიდის დარღვევის ხარჯზე, ხოლო ა.შ.შ. კი ჯერ-ჯერობით საცდელ ლაბორატორიად და პლაცდარმად მოგვიაზრებს. უბედურება ის არის, რომ გლობალურ პოლიტიკურ ველში, როგორც ინდივიდუალურ და სუვერენულ მოთამაშეს, ისეთად არავინ მიგვიჩნევს!
რაც შეეხება მიმართულებას, არ ვიცი საით მივდივართ, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ზნეობრივად და ინტელექტუალურად სულ უფრო და უფრო ვჩიავდებით და ვკარგავთ იმ ავტენტიკურ იდენტობას, რომლის გულისთვისაც ერთ დროს სიცოცხლეს არ ვიშურებდით (წინაპრებს ვგულისხმობ).
წახდა მასმედია, რომელიც ავხორცობის, ჰედონიზმისა თუ გარყვნილების ტირაჟირებას არ ერიდება და ამორალური ცხოვრების დამკვიდრებას უწევს ისტერიულ პროპაგანდას. ხალხი სტრესშია და ეს არის იმ სატანისტური მანქანების შედეგი, რასაც ტელევიზია მაზომბირებელი მეთოდებით ახორციელებს უბრალო ადამიანებზე. ერმა დაკარგა სულიერი ორიენტირები და სწორად ვეღარ საზღვრავს პრიორიტეტებს. შეფეთქილ საფლავებს დავემსგავსეთ: გარეგნულად ქრისტიანებად მოგვაქვს თავი და შინაგანად კი არ ვიცნობთ ცოცხალ ღმერთს. როდესაც საზოგადოება კარგავს უმაღლეს სიმართლეს, ცხოვრობს ილუზორულ თუ ცრუ ბედნიერებაში და ამიტომაც გვაქვს ასეთი სიდუხჭირე. სწორედ ამაზე გვამხელს ფსალმუნიც: „არა ვიხილე მართალი დაგდებულ, არცა თესლი მისი მთხოველ პურისა“. რომ გვქონდეს ჭეშმარიტად ქრისტუანული შეგნება, გვექნებოდა მეტი სიყვარული, მორალური სიწმინდე და ზრდოლობა, რაც გამორიცხვდა ამდენ უკეთურებას!
ესაუბრა საბა საბახტარაშვილი