ივერიონი / გია ხუხაშვილი: რეჟიმი წავიდა ხელისუფლებიდან, მაგრამ სისტემა ამით არ დამარცხებულა!

გია ხუხაშვილი: რეჟიმი წავიდა ხელისუფლებიდან, მაგრამ სისტემა ამით არ დამარცხებულა!

საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან ერთად სასამართლოში სარჩელს შეიტანს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 და 207-ე მუხლის ქვეყნის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.


ამის შესახებ გია ხუხაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და დაამატა, რომ სარჩელის შეტანას უახლოეს დღეებში აპირებს.


როგორც ხუხაშვილმა განაცხადა, იგი საქართველოს პარლამენტს რეკომენდაციით მიმართავს, რათა აღნიშნული სარჩელის განხილვამდე შეისწავლოს ეს საკითხი და კანონმდებოლობაში შესაბამისი ცვლილება შეიტანოს.


"მართალია, რეჟიმი წავიდა ხელისუფლებიდან, მაგრამ ეს არ ნიშნავს სისტემის დამარცხებას. სისტემა მდგრადია და აქვს ადაპტაციის უნარი. რეჟიმის ფორმირების პროცესში ბევრი საკანონმდებლო ნორმა იქნა მიღებული, იმისთვის, რომ შეექმნათ გარანტიები ყველას და ყველაფრის კონტროლისავის.  ამ ყველაფრის ერთ-ერთი ბერკეტი 207-ე მუხლი იყო", _ ახცადებს ექსპერტი.


მისი თქმით, 2012 წლის 25 ივლისს საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის საბანკო ანგარიშებს "პროგრეს ბანკში"" თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ყადაღა დაედო. თუმცა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რატომ დაედო ყადაღა, ინსტიტუტმა ვერ მიიღო და ვერც სასამართლო განცჩნების მიღება შეძლო.


ხუხაშვილი აცხადებს, რომ დაირღვა კონსტიტუციის 41-ე და 42-ე მუხლები, რაც ითვალისწინებს იმას, რომ სუბიექტს უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია, რომელიც სასამართლო განხილვის დროს უშუალოდ მას ეხება.


"მიგვაჩნია, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-5 ნაწილი და 207-ე მუხლი მნიშვნელოვნად ლახავს საქართველოს კონსტიტუციის 41-ე და 42-ე მუხლებით გარანტირებულ უფლებებს. კანონში არ უნდა დარჩეს ისეთი შავი ხვრელები, რომელიც შეიძლება გამოიყენოს ნებისმიერმა ხელისუფლებამ", _ განაცხადა გია ხუხაშვილმა.

19-11-2012, 13:48
უკან დაბრუნება