ეროვნული უშიშროების საბჭოს ფორმატზე უფრო მაღალი პოლიტიკური ფორმატი ქვეყნის უსაფრთხოების განსახილველად სახელმწიფოში არ არსებობს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ამით პრეზიდენტმა უპასუხა კითხვას, პრემიერის სხდომაზე არდასწრებამ ხომ არ შექმნა პრობლემა. პრეზიდენტის განმარტებით, ეროვნული უშიშროების საბჭო არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ორგანო, რომელიც იკრიბება ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საკითხების განსახილველად.
"ამ საკითხების განსახილველად ეს არის ყველაზე მაღალი ფორუმი და ფორმატი, რომელშიც მონაწილეობას იღებს პრეზიდენტიც, აღმასრულებელი ხელისუფლებაც და საკანონმდებლო ხელისუფლებაც. ახლახან ჩვენ ხაზი გავუსვით ამ ფორმატის უაღრეს პოლიტიკურ მნიშვნელობას და გავაფართოვეთ ეროვნული უშიშროების საბჭოს ფორმატი კიდევ უფრო და შევიყვანეთ კიდევ უფრო მეტი წევრი ამ საბჭოში. შესაბამისად, ამაზე უფრო მაღალი პოლიტიკური ფორმატი ქვეყნის უსაფრთხოების განსახილველად სახელმწიფოში არ არსებობს. ამდენად ამ საბჭოზე თათბირი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საშური საქმეა", - განაცხადა პრეზიდენტმა.