სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც საუბარია #5 ქალთა პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მსჯავრდებულის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე.
"სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მიესალმება მსჯავრდებულის მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოში სამართლებრივი დავის წარმოებას, რადგან ეს მისი კონსტიტუციური უფლებაა. მეორეს მხრივ, სამინისტრო კატეგორიულია თავის პოზიციაში და მზადაა ნებისმიერ კითხვას გასცეს პასუხი, რადგან ერთი მსჯავრდებულის უსაფუძვლო პრეტენზიები ვერ გახდება რეჟიმის შესუსტების საფუძველი. მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებულ ნ.ფ.-ს მიერ გამოთქმულ პრეტენზიებსა და საჩივრებზე არსებობს გენერალური ინსპექციის 4 დასკვნა, რომლის მიხედვითაც არცერთი ფაქტი არ დასტურდება, სამინისტრო მზადაა კიდევ ერთხელ შეისწავლოს მსჯავრდებულის ბოლო საჩივრის საფუძვლიანობა და ფხიზლად დააკვირდეს არა მხოლოდ ამ, არამედ ნებისმიერი მსჯავრდებულის პრეტენზიების საფუძვლიანობის შესწავლას. ბოლოს მსჯავრდებულმა ნ.ფ.-მ გენერალურ ინსპექციას 18 სექტემბერს მიმართა. მსჯავრდებული ამ შემთხვევაშიც ე.წ. სრული შემოწმების მეთოდებს აპროტესტებს და დადგენილი წესების შესრულებაზე უარს აცხადებს. რაც შეეხება შიმშილობას, რაზეც ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებაშია საუბარი, მსჯავრდებული პროტესტის ამ ფორმას არ მიმართავს. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო აქვე განმარტავს, რომ მსჯავრდებული ნ.ფ. 2014 წლის 13 მაისიდან, სხვადასხვა მიზეზით გამოთქვამს პრეტენზიას, მათ შორის ე.წ. სრული შემოწმების მეთოდს აპროტესტებს და წერს საჩივრებს. თუმცა როგორც უკვე აღვნიშნეთ, მის საჩივარში მოყვანილი ფაქტები შესწავლის შედეგად არ დასტურება", - ნათქვამია სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებაში.