სემეკმა მოქალაქეებს ხანდაზმული დავალიანებების სახით 160 554.02 ლარი ჩამოაწერა. სემეკის ინფორმაციით, 2015 წლის პირველი იანვრიდან 2015 წლის 23 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტში ხანდაზმული დავალიანებების ჩამოწერის მოთხოვნით 249 განცხადება/საჩივარი შევიდა.
ყველაზე მეტი, 130 განცხადება/საჩივარი სს "თელასის" მიმართ დაფიქსირდა, 96 განცხადება საჩივარი დაფიქსირდა შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მიმართ, 17 განცხადება/საჩივარი _ შპს "ყაზტრანსგაზ თბილისის" მიმართ, 1 განცხადება/საჩივარი - სს "ენერგო პრო ჯორჯიას" მიმართ, 1 განცხადება/საჩივარი - სს "კახეთის ენერგოდისტრიბუციის" მიმართ, 3 განცხადება/საჩივარი - შპს "მცხეთის წყალის" მიმართ, ხოლო 2 განცხადება/საჩივარი - შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" მიმართ.
მხოლოდ ხანდაზმულ დავალიანებებთან დაკავშირებით კომისიის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტში შესული და კომისიის გადაწყვეტილებით ჩამოწერილი თანხების საერთო რაოდენობამ 2015 წლის პირველი იანვრიდან 2015 წლის 23 სექტემბრის ჩათვლით 160 554.02 ლარი შეადგინა.
სტატისტიკიდან გამომდინარე, ბოლო პერიოდში კვლავ აქტუალური გახდა ხანდაზმული დავალიანებების თემატიკა და აღნიშნულთან დაკავშირებით მოქალაქეებსა და კომპანიებს შორის დავები. ხანდაზმულ დავალიანებად ითვლება ისეთი ტიპის დავალიანება, რომლის მოთხოვნაზე უფლების წარმოშობიდან გასულია 3 წელზე მეტი. აღნიშნული ვადა დავალიანების ხანდაზმულად ცნობასთან დაკავშირებით განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად.
ხანდაზმული დავალიანების არსებობის შემთხვევაში გამანაწილებელ კომპანიას შეუძლია მოქალაქეს (აბონენტს) მოსთხოვოს მისი გადახდა. თუმცა, თავის მხრივ მოქალაქეს შეუძლია არ გააფორმოს კომპანიასთან ხელშეკრულება, ხანდაზმული დავალიანების აღიარებასთან დაკავშირებით, მომართოს კომისიას ან ენერგოომბუდსმენის სამსახურს შესაბამისი განცხადება/საჩივრით და კომისია იმსჯელებს ასეთი სახის დავალიანების ჩამოწერის საკითხზე. ამასთან, ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი მიწოდებისა და მოხმარების წესების შესაბამისად, ხანდაზმული დავალიანების არსებობის შემთხვევაში, გამანაწილებელ კომპანიას უფლება არ აქვს აბონენტს შეუწყვიტოს კონკრეტული მომსახურების მიწოდება.
ხანდაზმული დავალიანების არსებობა კონკრეტული აბონენტის მიმართ, არ ნიშნავს იმას, რომ აბონენტმა არ უნდა გადაიხადოს შესაბამისი მომსახურების მიმდინარე გადასახადი.
კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც ცხელ ხაზზე 242 01 80, ასევე Fაცებოოკ-ის კომისიის ოფიციალურ გვერდზეც.