ივერიონი / ლართან მიმართებაში ხელისუფლების არაკომპეტენტურობამ საშიშ ზღვარს მიაღწია!

ლართან მიმართებაში ხელისუფლების არაკომპეტენტურობამ საშიშ ზღვარს მიაღწია!

         „ქართული პლატფორმის“ განცხადება

 

ლარის ერთადერთ საგადასახადო საშუალებად გამოცხადებიდან (1995 წ. 2 ოქტომბერი) 20 წელიწადი გავიდა. სამწუხაროა, რომ ამ საპატიო „იუბილეს“ ეროვნული ვალუტა უკიდურესად გაუფასურებული და დასუსტებული  ხვდება.

 

თუ ლარის კურსის დინამიკას გავიხსენებთ, ამ ოცი წლის მანძილზე ეროვნული ვალუტა მხოლოდ ორი დღე (23.02.1999 და 06/03/1999წწ.) იყო იმაზე უფრო მეტად გაუფასურებული, ვიდრე მიმდინარე წლის 26 აგვისტოდან მოყოლებული დღემდე. დიახ, ასეთი რამ მხოლოდ ორჯერ მოხდა და ისიც თითო დღით!..

 

რეალობა მოითხოვს ითქვას, რომ ხელისუფლებას ამ სავალალო ტენდენციის შესაჩერებლად (გასული წლის ოქტომბრიდან დღემდე ლარის კურსი 1,79-დან 2,45-მდე ავიდა), გარდა უწყებათაშორისი ბრალდებებისა, პრაქტიკულად არაფერი გაუკეთებია. ნიშანდობლივია ისიც, ცეცხლზე ნავთის დასხმის ტოლფასი იყო ბიძინა ივანიშვილის განცხადება, როცა ლარის კურსის გაუფასურების მთელი სიმძიმე მხოლოდ ერთ უწყებაზე-საქართველოს ეროვნულ ბანკზე გადაიტანა...

 

თუ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების განცხადებით ვიმსჯელებთ, რომელიც მათ ლარის კურსის კატასტროფულ გაუფასურებასთან დაკავშირებით გააკეთეს, მთავარი დამნაშავე სებ-ი ყოფილა, რაც თითქოსდა ანეიტრალებს მათ წილ პასუხისმგებლობას. სინამდვილეში კი ეს განცხადებები ხელისუფლების არაკომპეტენტურობასა და მოსახლეობის უპატივცემულობას შორის მერყეობს!

 

არაკომპეტენტურია იმის „მტკიცება“, რომ კრიზისი დასრულდა, მაშინ, როცა სერიოზული კრიზისი ახლა იწყება, რომელიც მდგომარეობს არა მარტო ლარის კურსის მერყეობაში, არამედ, ქვეყნის ეკონომიკაში ინფლაციური სპირალის აშვებაში, აქედან გამომდინარე, ყველა ნეგატიური შედეგებით!

 

რაც შეეხება ლარის კურსის გამყარების „საშუალო ვადიან პერიოდს“, რომელიც მთავრობის ეკონომიკური გუნდის შეხვედრაზე გაჟღერდა, ბატონმა პრემიერ-მინისტრმა ხალხს ის მაინც უნდა აუხსნას, რა იგულისხმება საშუალო ვადიან პერიოდში. როგორც ვიცით, მეცნიერება იცნობს მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერიოდს. თუ პრემიერი გამოდის მეცნიერებაში დამკვიდრებული მოსაზრებიდან, მაშინ საშუალო ვადიანი პერიოდი ეს არის პერიოდი 1-დან 2-3 წლამდე.

 

თუ ეს ასეა, მაშინ გამოდის, რომ მთავრობის მეთაური ხალხს ლარის კურსის დასტაბილურებას 2016 წლის ბოლოსთვის ან 2017 წლისთვის ჰპირდება!

 

რამდენად მისაღებია ეს ლარის კურსის კატასტროფულად გაუფასურებით შეჭირვებული მოსახლეობისთვის? რა არის ეს - კიდევ ერთი დაპირება, რომლის შესრულებასაც დღევანდელი მთავრობა მომავალ მთავრობას უტოვებს?!

 

არსებითად ხაზგასასმელია ისიც, რომ ეს იყო მხოლოდ ზეპირი დაპირება და ამდენად, ლარის კურსის გამყარების არანაირი ღონისძიებათა გეგმა, არანაირი ოფიციალური დოკუმენტი არ არსებობს!

 

შეიძლება გადაუჭარბებლად ითქვას, რომ მთავრობა საზოგადოების ნდობას ვერ დაიბრუნებს, თუ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება (პრეზიდენტის ჩათვლით) პროფესიონალთა აქტიური მონაწილეობით ერთად არ დაჯდება, ობიექტურ შეფასებას არ მისცემს არსებულ სიტუაციას და არ შეიმუშავებს პრევენციულ ღონისძიებებს ახალი ეკონომიკური სირთულეების და მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად.

 

ნიშანდობლივია ისიც, რომ ქვეყანაში ფაქტიურად დაწყებულია ინფლაციური პროცესები. აქედან გამომდინარე, აუცილებელია მართვის გადაწყობა მოსალოდნელი კრიზისული პროცესების პრევენციაზე, რომელმაც სათანადო ასახვა უნდა ჰპოვოს საბიუჯეტო და ფულად-საკრედიტო პოლიტიკაში.

 

და ბოლოს: „ქართულ პლატფორმას“ მიაჩნია, რომ ხელისუფლება  მხოლოდ ზეპირი განცხადებებით და რეალური სიტუაციის არაკომპეტენტურად შეფასებებით არსებულ კრიზისს კიდევ უფრო გააღრმავებს.

 

აქედან გამომდინარე, უმოკლეს ვადაში უნდა დაიდოს მეცნიერულად დასაბუთებული და პრაქტიკულად აპრობირებული ანტიკრიზისული პროგრამა. სხვანაირად, საქმე გვექნება არა მარტო დღევანდელი ხელისუფლების არაკომპეტენტურობასთან, არამედ, უპასუხისმგებლობასთანაც!

 

 

 

„ქართული პლატფორმა“

24-09-2015, 17:53
უკან დაბრუნება