ივერიონი / მიხეილ ჯიბუტი: ქვეყანას ლარის გაუფასურებაზე უფრო დიდი საფრთხე - ინფლაცია ემუქრება!

მიხეილ ჯიბუტი: ქვეყანას ლარის გაუფასურებაზე უფრო დიდი საფრთხე - ინფლაცია ემუქრება!

გუშინ „ივერიონში“ დაიბეჭდა „ქართული პლატფორმის“ განცხადება, სადაც ლარის კურსთან მიმართებაში საქართველოს ხელისუფლების ქცევა შეფასებულია, როგორც არაკომპეტენტური და უპასუხისმგებლო. ამასთან, ყურადღება გამახვილებულია ქვეყანაში ინფლაციური პროცესების დაწყებაზე, რომელიც არსებულ კრიზისს კიდევ უფრო გააღრმავებს.

 

გვესაუბრება „ქართული პლატფორმის“ გამგეობის თავმჯდომარე, პროფესორი მიხეილ ჯიბუტი.

 

- ბატონო მიხეილ, საზოგადოების მხრიდან დიდი დაინტერესება მოჰყვა „ქართული პლატფორმის“ განცხადებას, სადაც პირთვნელადაა დასაბუთებული ლარის კურსის კატასტოფულად დაცემის მიხეზები. ამასთან, საკმაოდ საფუძვლიანი პრეტენზიებია წამოყენებული მთავრობის მიმართ, რომელმაც დღემდე არაფერი გააკეთა ეროვნული ვალუტის გაუფასურების შესაჩერებლად. ეტყობა, განცხადების მიზანი რეალურ სიცტუაციაში სიცხადის შეტანაა...

 

მოგეხსენებათ, ლარის კურსის დაცემა დაიწყო  2014 წლის ოქტომბერში და დღემდე გრძელდება.

 

ამა წლის აგვისტოდან კი გაუფასურებამ გადალახა 2,4-იანი ფსიქოლოგიური ბარიერი (1 აშშ დოლარი = 2,4 ლარს). 19-21 და 22 სექტემბერს დაფიქსირდა შესაბამისად ლარის კურსი: 1 აშშ დოლარი = 2,4491 ლარი და 1 აშშ დოლარი = 2,4499 ლარი (ისტორიულად მხოლოდ ორჯერ, ისიც თითო დღით იყო ამაზე დაბალი ლარის კურსი: 1999 წლის 23 თებერვალსა და 6 მარტს, შესაბამისად 1 აშშ დოლარი = 2,4510 და 2,45 ლარი), ასეთ კონტექსტში 2015 წლის 21 სექტემბერს შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სამუშაო შეხვედრა ეკონომიკურ გუნდთან.

 

როგორც „ქართული პლატფორმის“ განცხადებაშია აღნიშნული, პრემიერ-მინისტრმა ამ შეხვედრის შემდეგ განაცხადა: „კრიზისული პერიოდი უკვე გადავიდა და საშუალოვადიან პერიოდში ველოდებით გაცვლითი კურსის გამყარებას“-ო.

 

ეს შეფასება, საიდანაც არ უნდა მუვიდგეთ, როგორადაც არ უნდა გვინდოდეს ეს, მიანიშნებს ღარიბაშვილის არაკომპეტენტურობაზე და ელემენტალურად ცნებების ეტიმოლოგიური მნიშვნელობის მეცნიერებაში დამკვიდრებული შინაარსისგან განსხვავებულ გაგებაზე.

 

გეკითხებით, რომელი კრიზისული პერიოდი დამთავრდა?

 

ლარის კურსის დაცემას გულისხმობს პრემიერ-მინისტრი თუ სხვა კრიზისს? გაუგებარია, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ეხება ლარის კურსის ცვლილებას.

 

ისმება ლოგიკური კითხვა: კრიზისის ქვეშ რას გულისხმობს პრემიერ-მინისტრი? 1 აშშ დოლარის 2,4 ლარის დონეზე ფასის დაფიქსირებას? თუ ეს ასეა, მაშინ რატომ ატარებდა „ღონისძიებებს“ კურსის ვარდნის შესაჩერებლად?

 

ალბათ, პრემიერ-მინისტრმა იგულისხმა, რომ კურსის ვარდნა, როგორც „კრიზისი“, დასრულდა. თუმცა (კვლავ უნდა ვივარაუდოთ) ღარიბაშვილი თვლის, „კრიზისის შედეგი“ - ლარის კურსისგაუფასურება უნდა იქნას დაძლეული ლარის გაცვლითი კურსის გამყარებით. თუ როგორ იქნება ეს მიღწეული, ბატონ პრემიერს ამის შესახებ არაფერი უთქვამს!..

 

გავიხსენოთ: მან ბრძანა, რომ „საშუალოვადიან პერიოდში ველოდებით გაცვლითი კურსის გამყარებას“-ო. რაც ნიშნავს იმას, რომ აქ ქმედებებზე კი არაა საუბარი, არამედ „მოლოდინზე“!

 

თუმცა, „საშუალოვადიან პერიოდი“ მეცნიერებაში მომავლის პროგნოზებისთვის გამოიყენება. ეს არის დროის ცნება გაგებული საყოფაცხოვრებო დონეზე და ყოფენ მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდებად. საშუალოვადიანი პერიოდი ესაა დაწყებული 1 წლიდან, 2-3, ზოგჯერ 3-5 წლამდე.

 

პრემიერ-მინისტრს თუ დროის სხვა რაიმე გაგება არაქვს, მისი ნათქვამი ნიშნავს, რომ ის ხალხს, ქვეყანას მოუწოდებს დაელოდონ ლარის კურსის გამყარებას 1-3 წლის შემდეგ (ხელისუფლების ნათქვამისადმი ნდობა უკიდურესად დაბალ დონეზეა, თორემ, ასეთმა განცხადებამ შეიძლება შექმნას აჟიოტაჟის ტალღა ქვეყანაში).

 

ამასთან, არაფერს არ ამბობს იმასთან დაკავშირებით, თუ რას მოიმოქმედებს ხელისუფლება მოკლევადიან პერიოდში, ხვალ, ზეგ? ეს არის არაკომპეტენტურობასთან ერთად უპასუხისმგებლობაც.

 

ასობით ადამიანი და ათობით ინსტიტუტია ქვეყანაში, ვინც ეკონომიკაზე აგებს პასუხს (რომელზეც მილიონობით ლარს ხარჯავს საქართველოს მოსახლეობა) და რა პრობლემაა მასთან ერთად, ქაღალდზე  იქნას გადატანილი, თუ რა ქმედებების განხორციელებას აპირებს ხელისუფლება, რა ვადებში, ვინაა პასუხისმგებელი და ა.შ.

 

ეს ყველაფერი ნაკლები უბედურება იქნებოდა, რომ არა ის მდგომარეობა, რაც ეკონომიკაში დაიწყო და უფრო გაღრმავდება - მხედველობაში მაქვს ეკონომიკის ინფლაციური განვითარების ეტაპზე შესვლა, რომელიც სრულიად ახალი რეალობაა.

 

მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ: ეკონომიკაში ინფლაციური პროცესი დაიწყო და დღითი-დღე ღვივდება, ინფლაციის სპირალი აუშვა ელექტროენერგიაზე ტარიფების ზრდამ. ამ ახალ რეალობაში, საჭიროა ანტიინფლაციური პრევენციული ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება უმოკლეს ვადაში.

 

სწორედ ეს გვინდოდა გვეთქვა ხელისუფლებასა და საზოგადოებისთვის, ამიტომ მივეცით გაფრთხილება „განცხადების“ სახით.

 

- საკმაოდ დამაინტრიგებლად ჟღერს ორგანიზაციის სახელწოდება „ქართული პლატფორმა“. რა არის „პლატფორმის“ ძირითადი მიზანი და როგორ აპირებთ პრაქტიკაში მი განხორციელებას?

 

- „ქართული პლატფორმა“ მიმართულია საქართველოში არსებული ყველა რესურსისა და პოტენციალის ქართული სახელმწიფოებრიობის გასაძლიერებლად გამოყენების ხელშეწყობისთვის. ყველაფერი და ყველა, მაშინ, როდესაც ქართული სახელმწიფოს ეფექტიანობის ზრდისკენ იქნება მიმართული „ქართული პლატფორმისთვის“ მისაღებია, ხოლო საპირისპირო _ მიუღებელი. აქედან მოქმედებას: პირველს მხარდაჭერა, მეორეს დაუნდობელი ბრძოლა კანონით დაშვებული ყველა ფორმის გამოყენებით!..

 

- თქვენი აზრით, რა უშლის ხელს ყველაზე მეტად ქართული სახელმწიფოებრიობის ფუნქციონირებას?

 

- ქართული სახელმწიფოს განვითარებას საგარეო ფაქტორებიდან ხელს უშლის  ოკუპანტები -  ვისაც დაპყრობილი აქვს საქართველოს ტერიტორია, ხოლო ქვეყნის შიგნით - ის, ვისაც მინდობილი აქვს და ევალება სახელმწიფოს განვითარება, ანუ ხელისუფლება. ხელისუფლების არაკომპეტენტურობა, არაეფექტიანობა მთავარს - დროს აკარგვინებს ქვეყანას და აფერხებს მის ადაპტირებას გლობალიზაციის პროცესში,საქართველოს განვითარება იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ქვეყანა აკონტროლებს, ოკუპირებული ტერიტორიების არსებობის მიუხედავად შესაძლოა კარგი ხელისუფლების პირობებში.

 

ამასთან, ხელისუფლების გვერდით ქვეყნის განვითარების ხელისშემშლელია განუვითარებელი პარტიული სისტემის არსებობა. საკანონმდებლო დონეზე უნდა განისაზღვროს პარტიების შექმნის პირობად მათი იდეოლოგიის პრინციპების გაცხადება, მათ შორის, ეკონომიკასა და სოციალურ სფეროში. დღევანდელი პარტიული სტრუქტურა საქართველოში შემაფერხებელი ფაქტორია განვითარებისთვის, იმიტომ, რომ ის არ ასრულებს საზოგადოების ორგანიზების ფუნქციას და ძირითადად აქვს მხოლოდ ლოკალური ამოცანა - ხელისუფლებაში მოსვლა და მოსვლის შემთხვევაში ყველაფრის ფასად მისი შენარჩუნება.

 

 

ესაუბრა საბა საბახტარაშვილი

25-09-2015, 12:55
უკან დაბრუნება