სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, ლერი ხაბელოვის განცხადებით, სახელმწიფო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში არ ერევა და ეს ყველაფერი დამოუკიდებლად ხდება.
ხაბელოვის თქმით, თუკი ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი პრეზიდენტობის ამა თუ იმ კანდიდატურის მიმართ სიმპათიას გამოხატავს, ეს მისი უფლებაა და არჩევნებში ჩარევას არ ნიშნავს.
"იმედია, საფეხბურთო საზოგადოება ფედერაციის იმ პრეზიდენტს აირჩევს, ვინც მას სურს. როცა რომელიღაც კანდიდატურის მხარდაჭერაზე მიდის საუბარი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთავრობა ერევა. თუ არჩევნებია და ეს დამოუკიდებლად მიდის, შეიძლება მყავდეს ერთი ან მეორე ფავორიტი და დავუჭირო მხარი. აქ ცუდი არაფერია. თუ გამოვთქვამთ ვინმეს მიმართ სიმპათიას, ნუ იფიქრებთ, რომ ეს ჩარევაა. მე ეს ჩარევად არ მიმაჩნია. ნუ მოგერიდებათ, რომ თუკი ფიქრობთ, რომ რომელიმე კანდიდატი უფრო ღირსეულია, ამაზე თქვენი აზრი გამოთქვათ", - განაცხადა ლერი ხაბელოვმა კომიტეტის სხდომაზე.