2016 წლის არჩევნებზე "დემოკრატები" გავდივართ მარტო. ერთადერთ კოალიციას ვაკეთებთ, კოალიციას ჩვენს მოქალაქეებთან, – ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ გაზეთ "რეზონანსისათვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
"ნაცმოძრაობას" ჩვენს კონკურენტად არ ვთვლით და არც ჩვენი წინააღმდეგობის ობიექტად არ გვყავს გამოცხადებული. ჩვენ ხელისუფლების ოპოზიცია ვართ, მაგრამ დღეს ისევე არ მოგვწონს სააკაშვილის დროინდელი ძალადობრივი რეჟიმი, როგორც ეს იყო 2012 წლამდე. ჩვენ არ მოგვწონდა მისი მართვის სტილი - ძალადობრივი და უსამართლო. ამიტომ წავედით ოპოზიციაში. იგივე შევატყვეთ ივანიშვილს, რომელიც აბსოლუტურად იმავე მეთოდებით მართავს ქვეყანას. იმედი გვქონდა, რომ 2012 წლის მერე სპეცრაზმი პოლიტიკური მიზნებისთვის არ იქნებოდა გამოყენებული. დღეს ვხედავთ, რომ ისევ ხდება მოქალაქეების პირადი ცხოვრების ქექვა თუ მათი მოსმენა. რაც შეეხება იმას, რომ მე პოლიტიკურ ოპონენტებს არ აღვიქვამ მტრად, ეს ასეა. მე არც "ნაცმოძრაობას" მივიჩნევ მტრად და არც "ოცნებას". "ოცნებაში" დღესაც არიან ადამიანები, ვისთანაც ახლაც ვაგრძელებ მეგობრობას. კიდევ ერთხელ მინდა თქვენს მკითხველს ხაზგასმით ვუთხრა, რომ 2016 წლის არჩევნებზე "დემოკრატები" გავდივართ მარტო. ერთადერთ კოალიციას ვაკეთებთ, კოალიციას ჩვენს მოქალაქეებთან", - ნათქვამია ინტერვიუში.