ივერიონი / აგვისტოში ბანკებიდან გაცემული სესხების მოცულობა გაიზარდა

აგვისტოში ბანკებიდან გაცემული სესხების მოცულობა გაიზარდა

აგვისტოში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 78.2 მლნ ლარით, უცხოური ვალუტით გაცემულისა კი, - 239.3 მლნ ლარით გაიზარდა , - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), წინა თვესთან შედარებით, 2015 წლის აგვისტოში 317.4 მლნ ლარით (2.1 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე აგვისტოში სესხების მოცულობის ზრდამ 0.2 პროცენტი შეადგინა) და 2015 წლის პირველი სექტემბრისათვის 15.3 მლრდ ლარს გადააჭარბა. 

 

სებ-ის ინფორმაციით, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 78.2 მლნ ლარით (1.4 %-ით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 239.3 მლნ ლარით (2.5 %-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე ეს მაჩვენებელი 0.4 %-ით შემცირდა).

 

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2015 წლის აგვისტოს ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 1.8 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.1 პროცენტით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით - 5.8 მლრდ ლარის (2.2 პროცენტით მეტი) მოცულობის სესხი.

 

2015 წლის აგვისტოს განმავლობაში 1.8 პროცენტით ანუ 125.2 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისათვის 7.0 მლრდ ლარს გადააჭარბა (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე ამ მაჩვენებლის ზრდამ აგვისტოში 0.4 პროცენტი შეადგინა).

 

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 36.05 პროცენტი, ხოლო ფიზიკური პირების სესხების ლარიზაციამ 52.97 პროცენტი შეადგინა. პირველი აგვისტოს მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, მთლიანი სესხების ლარიზაცია 0.43 პროცენტული პუნქტით, ხოლო ფიზიკური პირების სესხების ლარიზაცია 0.27 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

 

25-09-2015, 13:20
უკან დაბრუნება