პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პრემიების შეზღუდვასთან დაკავშირებით დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. კომიტეტის თამჯდომარის გიორგი კახიანის შეფასებით, კანონპროექტი კონტექსტიდან ამოგლეჯილია.
როგორც კახიანმა კომიტეტის სხდომაზე, "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტის განხილვისას განაცხადა, საჯარო მოხელეთა ხელფასების საკითხი ფრაგმენტული ცვლილებებით ვერ მოწესრიგდება.
ამ კონტექტში კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება მთავრობის მიერ ინიცირებულ იმ საკანონმდებლო პაკეტზე გაამახვილა, რომელიც საჯარო სისტემის რეფორმირებას ითვალისწინებს.
"რეფორმა, რომელზეც პარლამენტმა საკანონმდებლო პაკეტი ორი მოსმენით უკვე მიიღო, ხელფასებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებასაც ეხება. იმის გათვალისწინებით, როდესაც ჩვენ რეფორმას ვატარებთ, ვფიქრობ, აღნიშნული ინიციატივა კონტექსტიდანაც ამოვარდნილია", - განაცხადა კახიანმა კომიტეტის სხდომაზე.
კახიანის შეფასებას ქუცნაშვილმა უპასუხა და მიმართა, რომ კონტექსტიდან ამოგლეჯილი სწორედ მისი განცხადება იყო.
"ჩვენ გვაქვს ურთიერთობა ხალხთან. მე პირადად მაქვს ურთიერთობა ხალხთან. ერთ-ერთი მთავარი გაბრაზება, რაც ხალხიდან ჩვენზე მოდის, არის ის, რომ ეს ცუდი, მახინჯი მემკვიდრეობა დროულად არ შევცვალეთ. როგორც ჩანს, ხალხთან ურთიერთობა ნაკლებად გაქვთ", - მიმართა ქუცნაშვილმა კახიანს.
როგორც ქუცნაშვილი განმარტავს, პროექტის მიზანი მთავრობის მიერ საჯაროდ გამოცხადებული "ქამრების შემოჭერის" პოლიტიკის მხარდაჭერაა, რომლის მიღების შემთხვევაში, ბიუჯეტიდან 4,5-მილიონი ლარის დაზოგვა იქნება შესაძლებელი.
ზაქარია ქუცნაშვილი საკანონმდებლო ინიციატივა გასულ კვირას საფინანსო-საბიუჯეტო და რეგიონული პოლიტიკის კომიტეტებში განიხილეს, სადაც მას მხარი დაუჭირეს.