სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს:
"საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა და სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა N7 დაწესებულებაში არსებული მდგომარეობა მიმდინარე წლის 23 სექტემბერს გამართულ შეხვედრაზე განიხილეს. N7 დაწესებულებაში არსებული საყოფაცხოვრებო პრობლემების შესახებ მინისტრი, ბუნებრივია, საქმის კურსშია და ვითარების გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი მუშაობა დაწყებულია.
აღსანიშნავია, რომ N7 დაწესებულება 11 წელია ექსპლუატაციაშია და მსჯავრდებულებისთვის უკეთესი პირობების შესაქმნელად დაწყებულია რიგი ინფრასტრუქტურული პროექტები. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ მიუხედავად მოძველებული ინფრასტრუქტურისა, იქ განთავსებული მსჯავრდებულები კანონით დასაშვები ყველა სერვისით და სრული სამედიცინო მომსახურებით სარგებლობენ. ამ მხრივ, აღნიშნულ დაწესებულებაში არანაირი პრობლემა არ არსებობს.
მე-7 დაწესებულებაში 77 მაღალი რისკის მსჯავრდებული იხდის სასჯელს. ამიტომ, მათი გადაყვანა ღია ტიპის დაწესებულებაში სხვა მსჯავრდებულებს უქმნის პრობლემას, რის გამოც, უახლოეს პერიოდში გაიხსნება მაღალი რისკის მე-6 დაწესებულება, სადაც სწორედ მე-7 დაწესებულების მსჯავრდებულთა ნაწილი გადავა.
როგორც ცნობილია, მიმდინარეობს ლაითურის მაღალი რისკის დაწესებულების მშენებლობაც, რომელიც ასევე, ამ კატეგორიის პატიმრებისთვის იქნება განკუთვნილი. მე-6 დაწესებულების გახსნის შემდეგ, მე-7 დაწესებულების პირველი სართული საერთოდ გაუქმდება და მხოლოდ 21 მსჯავრდებულზე გათვლილი თანამედროვე ინფრასტრუქტურა მოეწყობა", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.