"ივერიონს" ესაუბრება ექსპერტი გია ხუხაშვილი
-ბატონო გია, როგორ შეაფასებთ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ლარის კურსის საშუალოვადიან პერიოდში დასტაბილურების შესახებ? ენდობით თუ არა ამ ზეპირ განცხადებას, და კიდევ, აქვს თუ არა მთავრობას ანტიკრიზისული პროგრამის დოკუმენტი, რომელსაც ეს განცხადება უნდა ეფუძნებოდეს?
-საშუალოვადიანი პერიოდი ცოტა ბუნდოვანი პერიოდია, იგი 1-დან 3-წლმადე პერიოდს მოიცავს. თუ ამას ველოდეთ და ვითარება იქამდე არ დასტაბილურდა, სხვა უბედურების წინაშე აღმოვჩნდებით!...
ლარის სტაბილურობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პერიოდში. გრძელვადიან სტაბილურობას კი ეკონომიკური ფაქტორების გაჩენა სჭირდება მოთხოვნა-მიწოდების დასაბალანსებლად. სხვაგვარად ეს საქმე არ გამოვა.
როგორც დღეს ხდება ლარის სტაბილიზაცია, ქვეყნისა და მისი ეკონომიკის რეზერვებისთვის საზიანოა. შესაბამისად, ამ ინსტრუმენტების გამოყენება მოკლევადიან პერიოდშია შესაძლებელი, რადგან ერთი ეკონომიკურ აქტივობას დააზიანებს, მეორე კი ეკონომიკური აქტივების გარეშე დატოვებს ქვეყანას. ის მისაღებია, როგორც ბაზარზე პანიკის შესაჩერებელი დროებითი ზომა.
ეკონომიკაში სისტემური ფაქტორებია დასანერგი, რომელიც ჯერ არ ჩანს და არავის, გარდა ოპტიმისტური განცხადებებით ფსიქოთერაპიის ჩატარებისა, არ შემოუთავაზებია პრემიერის ჩათვლით. " ისინი" არ არიან ჩვენი ექიმები და ჩვენც არ ვართ "მათი" პაციენტები, რომ უპირობოდ მივიღოთ მათი ნათქვამი. ვთხოვ ხელისუფლებას, რაციონალური არგუმენტები მოიყვანოს, თუ როგორ აპირებს ეკონომიკის სექტორის ამუშავებასა და ინვესტიციების მოზიდვას, რაც მოთხოვნა-მიწოდების ერთ-ერთი წყარო იქნება.
-ეთანხმებით თუ არა პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომ საქართველოში კრიზისული პერიოდი დასრულდა? არადა ზოგიერთი ექსპერტი კრიზისის ჯერ მხოლოდ დასაწყისს წინასწარმეტყველებს...
-ძალიან ოპტიმისტურო სურვილია... მეც მაქვს ასეთი სურვილი, მაგრამ დინამიკა ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა. შეიძლება პრემიერმა რამე ისეთი იცის, რაც ჩვენ არ ვიცით (რაშიც ეჭვი მეპარება)? პოლიტიკოსებს თავიანთი სურვილების რეალურ სურვილებად გასაღება უყვართ. პრემიერი უკვე პოლიტიკოსი გამხდარა. დიდი ხნის გამოცდილება კი არ აქვს პოლიტიკაში, მაგრამ "რაღაცები"ისწავლა, როგორც ჩანს.
-დაიწყება თუ არა საქართველოში ინფალაციის პროცესები და რა პრევენციული გეგმით დახვდება მას მთავრობა?
დაიწყება კი არა გარდაუვალია, რადგან ჩვენ ვართ იმპორტიორი ქვეყანა. იმპორტი კი მყარ ვალუტაში ხდება. დევალვაციას ინფლაცია მოჰყვება და გაიზრდება ფასები, რომლის ხელოვნურად შენელება გარკვეული პერიოდია შესაძლებელი, მაგრამ ეს მუდმივად არ გაგრძელდება.
როცა სოციალურად დაუცველი ფენების შემოსავლების ინდექსაცია ატყდება, ბუნებრივია, ამის შედეგი სიღარიბის ზღვარს მიღმა მეტი ადამიანის გაჩენა იქნება. იმ ფონზე, როცა ეკონომიკური აქტივობა დაბალია და სამუშაო ადგილები მცირეა, ეს, პოლიტიკურთან ერთად, სოციალურ რისკებსაც გაზრდის და ხელისუფლებას პრობლემები შეექმნება!
ესაუბრა ია ჯღარკავა