"ივერიონს" ესაუბრება ანალიტიკოსი ვაჟა ბერიძე
-ბატონო ვაჟა, როგორ შეაფასებთ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ლარის საშუალოვადიან პერიოდში დასტაბილურების შესახებ? ენდობით თუ არა ამ ზეპირ განცხადებას? აქვს თუ არა მთავრობას ანტიკრიზისული პროგრამის დოკუმენტი, რომელსაც ეს განცხადება უნდა ეფუძნებოდეს?
-როცა ვინმეს არაკომპეტენტურობაზეა საუბარი (ანალიტიკოსის თუ მთავრობის წევრის), მბრალმდებელმა უნდა თქვას, რატომაა ეს არაკომპეტენტური და იქვე უნდა შემოგვთავაზოს თავისი კომპეტენტური გეგმა ( რომელსაც, ალბათ, ოპონენტები საიმისოდ ინახავენ, რომ ხელისუფლებაში მოსვლისას რეცეპტივით გამოიყენებენ).
მე ამ პერიპეტიებში, რომელიც ლარის დევალვაციასა და ანტიკრიზისულ პროგრამას ეხება, ჯერ-ჯერობით, განსხვავებული აზრი ვერც მთავრობის მომხრე ექსპერტებისგან (საზოგადოება "20/30-ის" წევრებისგან) მოვისმინე და ვერც მათი მოწინააღმდეგე ლიბერალური ეკონომიკური თეორიების გადამღერებით გართული სპეციალისტებისგან. საუბარია ერთსა და იმავე "კლიშეებზე", რომლებითაც ფასდება საგარეო და საშინაო ფაქტორები, რომელიც ეხება ე.წ. კრიზისს, რასაც უწოდებენ სავალუტო და ლართან დაკავშირებულ დევალვაციის პროცესს.
აქედან გამომდინარე, ვიზიარებ ამ კრიტიკის ნაწილს, რომელიც ეხება მთავრობის უფრო ნაყოფიერი მუშაობის აუცილებლობას, ( მას შეუძლია და უნდა გაანეიტრალოს კიდეც ეფექტურად სავალუტო სფეროში შექმნილი კრიზისი და უფრო გაბედული უნდა იყოს), ხოლო ის, რომ საჭიროა სიტუაციის ტრანსფორმაცია, რომელსაც ქადაგიძე გვთავაზობს, ამას მთავრობაც აღიარებს (ციდან მთვარის ჩამოღება არც ამ მთავრობას შეუძლია და ვერც მომავალი მთავრობა ჩამოიღებს).
ასე რომ, მთავრობის გაკრიტიკება ამ მხრივ სწორი არ არის, თუმცა საკრიტიკოც აქვს - ეკონომიკური კურსის მკაფიოობა, რეფორმების თანმიმდევრულობა, ქვეყნის ინტერესებისა და საერთაშორისო ორგანიცაზიების რჩევების გათვალისწინება აუცილებელია ისე, რომ ქვეყნის ეროვნული ინტერესებიც არ დაზარალდეს და ჩვენი რეფორმები და ერთგულება ევროინტეგრაციის გარგლებში, მათ შორის ეკონომიკის განვითარების კუთხით, იყოს გაუმჯობესებული.
-ეთანხმებით თუ არა პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომ საქართველოში კრიზისული პერიოდი დასრულდა? არადა ზოგიერთი ექსპერტი კრიზისის ჯერ მხოლოდ დასაწყისს წინასწარმეტყველებს...
- მე, როგორც ერთი რიგითი ანალიტიკოსი, ვფიქრობ, რომ კრიზისული პერიოდი, თავისი მახასიათებლებითა და პარამეტრებით (მთავრობისა თუ სხვათა მიერ აღიარებული), საქართველოში არ დაფიქსირებულა. მე პრემიერისგან არაფერი გამიგია კრიზისის თაობაზე. ის ეკონომიკურ კრიზისს არ გულისხმობდა, როცა კრიზისის დასრულებაზე საუბრობდა, აქ უფრო ლარი-დოლარის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის დასტაბილურება იგულისხმებოდა . კრიზისამდე არც უნდა მისულიყო ეს საქმე, ეროვნულ ბანკსა და მთავრობას შეთანხმებულად რომ ემოქმედათ!
-დაიწყება თუ არა საქართველოში ინფალაციის პროცესები და რა პრევენციული გეგმით დახვდება მას მთავრობა?
-თუ ლარის დევალვაცია გაგრძელდა და მასშტაბური ხასიათი მიიღო, ინფლაციურ პროცესებში გადაიზრდება. ვფიქრობ, მთავრობას აქვს პრევენციული გეგმა, რომლითაც მუშაობს კიდეც. ამ გეგმას საზოგადოება თუ არ იცნობს, ეს სხვა პრობლემაა, თუ ეს გეგმა არაეფექტურად მუშაობს, ეს კიდევ სხვაა. მე მათ ქმედებებში ლოგიკას ვხედავ, თუმცა შედეგი არ მაკმაყოფილებს.
ესაუბრა ია ჯღარკავა