"ყველა მოსამართლეს მივმართავ, გამოიყენოს ჯერ კიდევ არსებული შანსი იმისთვის, რომ საქართველოში მართლმსაჯულება ერთხელ და სამუდამოდ, გათავისუფლდეს პოლიტიკური თუ სხვა წნეხებისგან", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა მოსამართლეებს ტელეკომპანია "იმედის" ეთერიდან მიმართა.
"მე რა ვთქვი, სხვამ რა თქვა, ვის ვისგან რა ეწყინა, გადავდოთ გვერდზე, ავიღოთ კანონი, ვუსმინოთ ჩვენს სინდისს და მივიღოთ გადაწყვეტილებები. ეს იქნება სწორი და ეს იქნება გამოსავალი ამ ყველაფრიდან. დავანებოთ თავი ამ კალკულაციებს - როდის რა გადაწყვეტილებაა მისაღები, ეს ვის ესიამოვნება და არ ესიამოვნება. მივიღოთ გადაწყვეტილება, სანამ ჯერ კიდევ ეს შესაძლებელია. ის შანსი, რაც ხელისუფლების ცვლილებამ მოიტანა, ჯერ კიდევ გვაძლევს ამის საშუალებას", - განაცხადა უსუფაშვილმა.